რეფინანსირების განაკვეთი

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 9% იქნება.

როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის კრიზის ფონზე წარმოშობილი გაურკვევლობაა, რის გამოც ინფლაციის ნიშნული კვლავ მაღალი დარჩა ეროვნული ბანკის თავდაპირველი მოლოდინის საპირისპიროდ.

ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ უწყება რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება ლარის გაუფასურებიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე.

"იმ შემთხვევაში, თუ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას განიხილავს."

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

2008 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები აამოქმედა.

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.

შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები, ბუნებრივია, ნაკლებს ისესხებენ. მოსალოდნელია კომერციული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც. შედეგად, შემცირდება ფულის მასა ბაზარზე, რამაც უნდა შეამციროს ინფლაცია და გაამყაროს ეროვნული ვალუტა, სამაგიეროდ უარყოფითი ეფექტი ექნება ეკონომიკურ აქტივობაზე.

კომენტარები