აშშ - ირანი

როუჰანი: სოლეიმანის მკვლელობაზე აშშ-ს პასუხი გავეცით და კიდევ გავცემთ

ჰასან როუჰანი
Times of Israel

18 მარტს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ირანმა ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე პასუხი გასცა და კიდევ გასცემდა. 

"ამერიკელებმა მოკლეს ჩვენი დიდი მეთაური. ჩვენ პასუხი გავეცით ამ ტერორისტულ ქმედებას და [კიდევ] გავცემთ პასუხს," - თქვა როუჰანიმ.

14 მარტს, დილით, ერაყში ტაჯის სამხედრო ბაზაზე 33 Katyusha-ს ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს. შედეგად მძიმედ დაშავდა ერაყის სამხედრო ძალების რამდენიმე წარმომადგენელი და 2 ამერიკელი სამხედრო. მსუბუქად დაშავდა კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო.

12 მარტს ამავე ბაზაზე სარაკეტო თავდასხმას ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. პასუხად აშშ-მა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თქმით დარტყმების სამიზნეს ერაყის სხვადასხვა რეგიონში ქათა'იბ ჰეზბოლას იარაღის 5 საწყობი წარმოადგენდა. მონიტორინგის ჯგუფების ინფორმაციით აშშ-ის დარტყმებისას მოკლულია 26 ადამიანი.

გასულ წელს აშშ-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური სამხედრო დაჯგუფება ერაყში განხორციელებულ 13 მსგავს თავდასხმაში დაადანაშაულა. ერთ-ერთი თავდასხმის დროს, რომელიც კირკუკში სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, დაიღუპა ერთი ამერიკელი კონტრაქტორი. პასუხად, გასული წლის დეკემბრის ბოლოს აშშ-მა დაჯგუფების ბაზა დამბობმა. დაიღუპა სულ მცირე 25 მებრძოლი. ამას ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან აქციები და საელჩოზე თავდასხმა მოჰყვა, რის ორკესტრირებაშიც აშშ-მა ირანი და კონკრეტულად კი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაადანაშაულა. სწორედ ამის შემდეგ გაიცა ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ბრძანება თეთრ სახლში. სოლეიმანისთან ერთად აშშ-ის საჰაერო დარტყმებისას მოკლულია ქათა'იბ ჰეზბოლას ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.

პასუხად 8 იანვარს ირანმა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა აშშ-ის სამხედრო ძალების სპიკერის თქმით 11 ამერიკელ სამხედროს ტვინის შერყევის სიმპტომები ჰქონდა და მათ მკურნალობენ.

აშშ-მა ირანს კიდევ დამატებითი სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლა უფრო დიდი სტრატეგიის ნაწილი იყო, რაც აშშ-ის მოწინააღმდეგეების შეკავებას ისახავს მიზნად.

23 იანვარს ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მრჩეველმა ბრაიან ჰუკმა თქვა, რომ თუ ყასემ სოელიმანის შემცვლელი მასსავით გააგრძელებდა ამერიკელების მოკვლას, მის ბედს გაიზიარებდა.

კომენტარები