მართვის მოწმობის ასაღებად ჩასაბარებელი თეორიული და პრაქტიკული გამოცდები უქმდება

20 მარტიდან, საქართველოს მასშტაბით, მართვის მოწმობის მისაღებად ჩასაბარებელი თეორიული და პრაქტიკული გამოცდები უქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოცდების გაუქმების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული რეგულაციებია.

შსს-ს ცნობით, მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 დღის განმავლობაში იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე.

პირებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 დღის განმავლობაში.

უწყების ცნობით, ასევე უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge), დამზადებული დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში. ხოლო სხვა ცნობების მისაღებად, განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.

შსს-ს ინფორმაციით, 20 მარტიდან, მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს შეუძლიათ მიმართონ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტის და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად. ასევე, დროებით ვერ მოხდება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვის ცენტრების მიერ მომსახურების გაწევა.

"კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში თავი შეიკავეთ გარეშე პირების თანხლებისგან.

აქვე გაცნობებთ, რომ დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 19, 24, 26 და 28 მარტს, წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები