კორონავირუსი და ეკონომიკა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა €750 მილიარდიანი პროგრამა აამოქმედა

Reuters

გუშინ, 18 მარტს ცნობილი გახდა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი პანდემიის საგანგებო მსყიდველობით პროგრამას აამოქმედებს, რომლის ღირებულებაც 750 მილიარდი ევრო იქნება.

პროგრამის ფარგლებში ევროპის ცენტრალური ბანკი ევროზონის ქვეყნების მთავრობებისა და კომპანიების ვალებს იყიდის. მათ შორის იქნებიან იტალია და საბერძნეთიც.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროპის ცენტრალური ბანკი პროგრამას შეწყვეტს, როცა მიიჩნევს, რომ კორონავირუსის კრიზისი ჩავლილი იქნება, თუმცა ამ წლის ბოლომდე პროგრამა მაინც გაგრძელდება.

"არაორდინალური დრო არაორდინალურ მოქმედებას მოითხოვს. ჩვენს ერთგულებას ევროსადმი ლიმიტი არ აქვს. ჩვენ მოწადინებულნი ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი ინსტრუმენტების მთლიანი პოტენციალი ჩვენი მანდატის ფარგლებში," - წერს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი.

კორონავირუსის კრიზისის ფონზე მასტიმულირებელ ზომებს მსოფლიოს გარშემო მიმართავენ როგორც მთავრობები, ისევე ცენტრალური ბანკები. მაგალითისთვის, აშშ-ს ცენტრალურმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ საპროცენტო განაკვეთის დაახლოებით 1%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი გუშინ, 18 მარტს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელ ნიშნულზე დატოვა.

კომენტარები