FINANCIAL TIMES: ბორის ჯონსონი ლონდონის ჩაკეტვას გეგმავს

ბორის ჯონსონი
immigrationnews.co.uk

გამოცემა Financial Times-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის დედაქალაქის, ლონდონის, ჩაკეტვას გეგმავს, რასაც მომავალში სხვა ქალაქების ჩაკეტვაც მოჰყვება. 

გამოცემის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები დედაქალაქის ჩაკეტვას პარასკევისთვის ელოდებიან. 

მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვმა 33-დან 104-მდე მიაღწია, რასაც პარალელურად ფუნტის გაუფასურება მოჰყვა, პრემიერმინისტრმა ჯონსონმა პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ სკოლები დაიხურება. 

"ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვაპირებთ, ვიყოყმანოთ იმის შესახებ, რომ უფრო შორს წავიდეთ და სწრაფად ვიმოქმედოთ მომდევნო დღეებსა და კვირებში,"- თქვა ჯონსონმა. 

Financial Times-ის ინფორმაციით, სანამ ბორის ჯონსონი პრესკონფერენციას მართავდა, ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრა ჰქონდათ ლონდონის ჩაკეტვის გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ახალი კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებით პირველ ადგილზეა. გამოცემის ცნობით, პარასკევისთვის პოლიციელები დაცარიელებული ქალაქების ცენტრებში განლაგდებიან, რათა თავიდან აირიდონ მასობრივი ქურდობა. 

გამოცემა სახელისუფლებო წყაროზე დაყრდნობით, რომელიც მათივე განცხადებით, ზემოაღნიშნულ ბრიფინგს ესწრებოდა, წერს, რომ დედაქალაქი სრულად ჩაიკეტება, რომლის ფარგლებშიც სახლიდან ერთდროულად მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლება გასვლა და ვერ შეძლებს ადგილობრივ სავაჭრო სივრცეებში შესვლას. 

სუპერმარკეტებს პოლიცია დაიცავს და აფთიაქები იმ მცირე სავაჭრო ობიექტებს შორის დარჩება, რომელიც ღია იქნება. 

ასევე გამოცემის ცნობით, ხელისუფლების ორმა წარმომადგენელმა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ ბრიფინგს, თქვეს, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი შეზღუდვების შესახებ მხოლოდ 12 საათით ადრე გააფრთხილებენ. 

Financial Times-ის გადმოცემით, ჯონსონს არ უარუყვია, რომ დედაქალაქის ჩაკეტვის გეგმა არსებობს, ხოლო რაც შეეხებათ მის მოკავშირეებს, მათ მხოლოდ ის თქვეს, რომ "სიტუაცია ძალიან სწრაფად ვითარდება". 

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 625 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 104 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 65.

კომენტარები