ჯონსონი: ახლოს ვართ ტესტის შექმნასთან, რომელიც კორონავირუსის მიმართ იმუნურობას დაადგენს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ცოტა დარჩა იმ ტესტის შექმნამდე, რომელიც გამოავლენს, გამოიმუშავა თუ არა ადამიანმა იმუნურობა კორონავირუსის მიმართ დაინფიცირების შემდეგ.

"ტესტს, რომელიც გაჩვენებს, მორჩი თუ არა, ის აქვს ძალიან კარგი, რომ უცბად მწვანე შუქი გენთება და შეგიძლია, უსაფრთხოდ, თავდაჯერებული დაუბრუნდე სამუშაოს და იცოდე, რომ თითქმის შეუძლებელია, [კორონავირუსი] ისევ დაგემართოს," - თქვა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა.

იმ შემთხვევაშიც, თუ მოსახლეობის ნაწილს კვლავ სახლში დარჩენა მოუწევს, ვისაც კორონავირუსის მიმართ იმუნურობა დაუდგინდება, შეძლებს ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს.

ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ჯონსონი კორონავირუსთან დაკავშირებით მართავს ჯანდაცვის ექსპერტებთან ერთად, მთავრობის ჯანდაცვის მთავარმა მრჩეველმა, სერ პატრიკ ვალანსმა განაცხადა, რომ ტესტის შექმნის პროცესი "ძალიან სწრაფად ვითარდება."

ამჟამინდელი მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 2 626 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 71 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 65 გამოჯანმრთელდა.

 

კომენტარები