ავღანეთი

თალიბანი: COVID-19-ის გავრცელების საშიშროების ფონზე WHO-სთან ვითანამშრომლებთ

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ავღანეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, დაჯგუფება თალიბანმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მიმართა და გამოთქვა სურვილი ითანამშრომლოს ჯანდაცვის წარმომადგენლებთან.

თალიბანის სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა ტვიტერზე დაწერა: "ვარწმუნებთ საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციებს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO), რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მათთან კორონავირუსთან ბრძოლაში."

თალიბანის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვირუსი ღმერთმა ურჩობისა და ცოდვების გამო მოავლინა და მოძმე ბიზნესმენები, მუსლიმური და ადამიანური პასუხისმგებლობის გრძნობის გამო თანამოძმეებს გაჭირვების დროს მხარში უნდა დაუდგნენ. ისინი ქვეყნის მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მედიკამენტების და სამედიცინო აღჭურვილობის გაგზავნას ითხოვენ.

ავღანეთის სამხრეთით, ჰელმანდის პროვინციაში დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ დაჯგუფება უზრუნველყოფს ინფიცირებულების დახმარებას, თუმცა მათ არ აქვთ არც შესაფერისი მოწყობილობა და არც საჭირო პერსონალი არ ჰყავთ რომ ებრძოლონ ეპიდემიას. 

აღსანიშნავია, რომ თალიბანს  ჯანდაცვის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ ქმედებებში, ხშირად ვღანეთის მთავრობის წარმომადგენლები ადანაშაულებდნენ. გასულ წელს სულ მცირე 51 ჯანდაცვის წარმომადგენელი, პაციენტი და დამხმარე  მოკლეს, დაშავდა კიდევ 142 ადამიანი. თავდასხმის შედეგად 192 საავადმყოფო დაიხურა რომლიდანაც მხოლოდ 34 გაიხსნა თავიდან. თალიბანს ამ ქმედებებზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

2019 წელს თალიბანმა წითელ ჯვარს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე "საეჭვო" საქმიანობის გამო მუშაობა აუკრძალა, თუმცა მოგვიანებით ეს აკრძალვა მოხსნა.

ავღანეთში ამჟამად კორონავირუსის 22 შემთხვევაა დადასტურებული. განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ვირუსის ირანიდან გავრცელება, სადაც დაინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ავღანეთი-ირანის საზღვარს კი ათასობით ადამიანი კვეთს, თუმცა ჰერატში სამი საეჭვო შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ავღანეთმა 23 თებერვალს ირანთან საზღვარი დროებით ჩაკეტა.

18 მარტს ვაჰიდ ომერმა, პრეზიდენტ აშრაფ ღანის თანაშემწემ, განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ ხედავს თუ როგორ უთვალთვალებენ თალიბანის წევრები ჯანდაცვის წარმომადგენლებს და თქვა რომ ეს დაუყონებრივ უნდა შეწყდეს.

თალიბანი ავღანეთის ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს აკონტროლებს.

29 თებერვალს აშშ-მა და თალიბანმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც მომდევნო 14 თვეში ქვეყნის ტერიტორიიდან აშშ-ის და NATO-ს ჯარები გავა იმ შემთხვევაში, თუ დაგჯუფება თავდასხმებს შეწყვეტს.  თალიბანი ასევე ვალდებულია მოლაპარაკებები დაიწყოს ავღანეთის მთავრობასთან, რაზეც ამ დრომდე უარს ამბობდნენ და წინაპირობად 5,000-მდე პატიმრის გათავისუფლებას ასახელებდნენ. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თავდაპირველად თქვა, რომ მოლაპარაკებებამდე პატიმრების გათავისუფლებას არ გეგმავდა, თუმცა 11 მარტს თალიბანის წევრი 1,500 პატიმრის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ღანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით 1,500 პატიმრის გათავისუფლება 15 დღის განმავლობაში მოხდება და ყოველდღიურად საპატიმროს 100 ადამიანი დატოვებს. სანაცვლოდ თალიბანი დათანხმდა გაათავისუფლოს ტყვედ ჩაგდებული მთავრობის 1,000 ჯარისკაცი. გათავისუფლებების პარალელურად ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებები დაიწყება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები