კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ველით ინფიცირებულების რიცხვის ზრდას, რისკის ქვეყნებიდან 2 000-მდე მოქალაქე დაბრუნდა

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, თქმით, მთავრობა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვის ზრდას ელოდება. ამ პროგნოზის მიზეზი, მისივე განმარტებით, ის 2 000-მდე მოქალაქეა, რომელიც რისკის შემცველ ქვეყნებში იყვნენ და ახლა კარანტინში ან თვითიზოლაციაში არიან. 

"მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ამ მოქალაქეებში, რა თქმა უნდა, ველოდებით რიცხვის ზრდას. სწორედ ეს არის ერთერთი მთავარი მიზეზი იმისათვის, რომ ჩვენ ვაცხადებთ კიდევ უფრო გამკაცრებულ მზაობას და ვემზადებით, რა თქმა უნდა, შემდეგი პაციენტის მიღებისთვის,"- ამბობს ეკატერინე ტიკარაძე. 

მინისტრის განმარტებით, არ გვქონდეს პანიკის საფუძველი, არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიყოთ ფრთხილად და მობილიზებულები და არ გავითვალისწინოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები. 

"ჩვენთვის აუცილებელია მივსდიოთ ყველა რეკომენდაციას, შევასრულოთ ისინი მკაცრად, დავიცვათ სოციალური დისტანცია, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს ექიმებს და გვქონდეს საუკეთესო გამოსავალი,"- თქვა ტიკარაძემ. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული 40 შემთხვევაა, რომელთაგან 1 უკვე გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში 1 600-მდე ადამიანი იმყოფება. 

კომენტარები