NATO

კორონავირუსის გამო NATO ევროპაში სამხედრო წვრთნების მასშტაბს შეამცირებს

იენს სტოლტენბერგი

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო NATO ევროპაში დაგეგმილი სამხედრო წვრთნების მასშტაბებს შეამცირებს.

"წვრთნების ნაწილი შეიცვალა ან გაუქმდა, მაგრამ ჩვენი ძალები კვლავ მზადყოფნაში რჩებიან." თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან ვიდეოკონფერენციაში.

გადაწყვეტილება შეეხება Defender Europe 2020-ის წვრთნებს, რომელის აპრილსა და მაისში ევროპაში უნდა ჩატარებულიყო და ცივი ომის შემდეგ NATO-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება ყოფილიყო.

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გამოაცხადა, რომ აშშ-დან ევროპაში სამხედროების მიმოსვლა დროებით შეჩერდება. შესაბამისად, Defender Europe 2020-სთვის აღარ გაემგზავრება 20,000 ამერიკელი სამხედრო, როგორც ეს დაგეგმილი იყო.

სტოლტენბერგმა ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწოდა ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად სამხედრო ძალებზე გაწეული ხარჯი არ შეამცირონ, რადგან სამხედროებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ჯანდაცვის კრიზისთან გამკლავებაში.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრ ქვეყანაში შეიარაღებული ძალები უწევენ დახმარებას." - თქვა მან. საუბარია სამხედრო საველე საავადმყოფოები შექმნაზე, სასუნთქი აპარატებით და სხვა აღჭურვილობით დახმარებაზე და ა.შ.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ ავღანეთში NATO-ს მისიაში მონაწილე სამხედროებს შორის ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევები არ გამოვლენილა, ალიანსი ქვეყნიდან ჯარის გაყვანას თალიბანთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ეტაპობრივად გააგრძელებს და მომხდევნო 135 დღის განმავლობაში 16,000-დან 12,000 ადამიანამდე შეამცირებს. თავის მხრივ თალიბანმა უნდა შეასრულოს შეთანხმება და არ განაახლოს თავდასხმები და ძალადობა. კორონავირუსთან ბრძოლისათვის დაჯგუფებამ უკვე გაავრცელა მოწოდება დახმარებისათვის და ჯანდაცვის ორგანიზაციებს თანამშრომლობა შესთავაზა.

კომენტარები