იდლიბის პროვინცია

ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, იდლიბში კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი მოკლეს

hurriyetdailynews

19 მარტს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, იდლიბის პროვინციაში კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters თურქეთის სივასის პროვინციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. სხვა დამატებითი დეტალი, ჯერჯერობით, უცნობია. 

5 მარტს პუტინმა და ერდოღანმა იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შეთანხმების მიხედვით უნდა შეიქმნას 6 კილომეტრიანი ზონა იდლიბის პროვინციაში გამავალი მნიშვნელოვანი მაგისტრალის M4-ის ჩრდილოეთით და სამხრეთით. მაგისტრალი ალეპოს და ლატაკიას აკავშირებს. 15 მარტიდან მაგისტრალზე პატრულირებას რუსეთის და თურქეთის ერთობლივი პატრული განახორციელებს.

მოლაპარაკებებისას ერდოღანმა ვერ მიაღწია შეთანხმებას მის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე - უკან დაეხია ასადის ძალებს ახლად აღებული ტერიტორიებიდან. შეთანხმებაში ასევე არაა ნახსენები უსაფრთხო ზონის შექმნა, სადაც სირიელი მიგრანტები თავის შეფარებას შეძლებენ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსეთმა და თურქეთმა იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. მსგავსი შეთანხმება შეგდა 2018 წლის სექტემბერშიც, რომლის მიხედვითაც დეესკალაციის ზონა უნდა შექმნილიყო და ამ ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.

11 მარტს ერდოღანმა თქვა, რომ თუ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვევა თურქეთი უფრო ძლიერი სამხედრო ქმედებებისგან თავს არ შეიკავებს.

პარალელურად, აშშ იდლიბში თურქეთისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას NATO- სთან ერთად განიხილავს.

კომენტარები