არჩევნები 2020

თალაკვაძე: პარლამენტი მაქსიმალურად ეცდება, ჩაეტიოს საკონსტიტუციო ცვლილების ვადებში

ინტერპრესნიუსი

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, პარლამენტი მაქსიმალურად ეცდება, შესრულდეს პოლიტიკური შეთანხმება და ჩაეტიოს საკონსტიტუციო ცვლილებების ვადებში.

საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ ოპოზიცია და ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 8 მარტს შეთანხმდნენ. ამავე შეთანხმების ნაწილი იყო პოლიტიკური ლიდერების დევნის საკითხიც.

"ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად, რომ მომდევნო პერიოდში ის დროები და ინტერვალები, რაც ჭირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს, მინიმალურად აისახოს პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესის კალენდარზე, და ჩვენ საგაზაფხულო სესიის დასრულების ფარგლებში (და მის დასრულებამდე) შევძლოთ იმ ვალდებულებების და პირობების შეთანხმება, რაზეც პოლიტიკური შეთანხმება არის მიღწეული. ვგულისხმობ საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამისათვის ვადები არის განხილული და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პარლამენტი ამ ვადებში ჩაეტიოს,” - თქვა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე, რომელიც უსაფრთხოების საბჭოს სდომის დასრულების შემდეგ გაიმართა.

19 მარტს გამართულ სხდომაზე, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობდა და პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯომარე ესწრებოდნენ, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებზე იმსჯელეს.

გადაწყდა, რომ 20 მარტიდან საქართველოს მასშტაბით იხურება სავაჭრო ობიექტები, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, ბენზინგასამართი, სააფთიაქო, საფოსტო და საბანკო დაწესებულებებისა.

ამავე სხდომაზე იმსჯელეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე. პრემიერმა გიორგი გახარიამ სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ დგას, საჭიროების შემთხვევაში კი საგანგებო მდგომარეობა ოპერატიულად გამოცხადდება.

კომენტარები