კორონავირუსი

ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრმა გადაღლილობისგან გონება დაკარგა, მეორე დღეს ის გადადგა

RTL

19 მარტს ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი ბრუნო ბრუინსი გადადგა, მას შემდეგ, რაც 18 მარტს ახალი კორონავირუსის შესახებ საპარლამენტო დებატის დროს გადაღლილობისგან გონება დაკარგა.

56 წლის მინისტრი პარლამენტის იატაკზე დაეცა, როდესაც მას შეკითხვებს უსვამდნენ. კორონავირუსთან ბრძოლას ნიდერლანდების მთავრობიდან სწორედ ის მეთაურობდა.

ბრუინსის თქმით, გონება კვირების განმავლობაში ინტენსიური მუშაობის შემდეგ დაკარგა.

"რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მუშაობისა და გადაღლილობისგან მე სუსტად ვგრძნობდი თავს. ახლა უკეთ ვარ. სახლში მივდივარ, რათა საღამოს დავისვენო და ხვალ კორონას კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლას დავუბრუნდე," - დაწერა ბრუინსმა სოციალურ ქსელში 18 მარტს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ მან თანამდებობა დატოვა.

ნიდერლანდების პრემიერმინისტრის მარკ რუთის განცხადებით, ბრუინსის გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ მან არ იცოდა, რა დრო დასჭირდებოდა გამოჯანმრთელებას.

ბრუინსის მოვალეობებს დროებით ვიცეპრემიერი ჰუგო დე იონგი შეასრულებს.

ამ დროისთვის ნიდერლანდებში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 2 460 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 76 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია - 2. ნიდერლანდებში ვირუსით დაღუპულთა საშუალო ასაკია 76 წელი.

19 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსი 236 703 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 9 834, გამოჯანმრთელებულია 86 676.

კომენტარები