აფგან მუხთარლის საქმე

მუხთარლი: ბაქოში მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ ჩემი გატაცებისთვის ქართულ მხარეს $3 მლნ მისცეს

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თქმით, აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა მას უთხრა, რომ ქართულ მხარეს მისი გატაცებისთვის 3 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

მუხთარლი, რომელიც 2017 წლის 31 მაისს თბილისიდან აზერბაიჯანში გაიტაცეს და დააპატიმრეს, ბაქოს ციხიდან 17 მარტს გაათავისუფლეს. გატაცების დეტალებზე მან 19 მარტს ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა, გადაცემაში სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა.

"ბაქოში აზერბაიჯანის ხელისუფლების მაღალჩინოსანი მესაუბრა. მითხრა, რომ ჩემი გატაცებისთვის ქართულ მხარეს მისცეს 3 მილიონი დოლარი. იქამდე საქართველოში 3 წელი ვცხოვრობდი. მთელ ამ პერიოდში აზერბაიჯანის სპეცსამსახური ყოველდღე გვადევნებდა თვალს. ისინი ღიად მუშაობდნენ თბილისში, საქართველოში. შეუძლებელია, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა თბილისში იმუშაოს, ქართულმა მხარემ კი არ იცოდეს და არაფერი გააკეთოს," - ამბობს მუხთარლი.

მისივე თქმით, მაღალჩინოსანი, ვინც თანხის შესახებ უთხრა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის აპარატში მუშაობს.

" [გატაცებაში] ჩარეული იყო [საქართველოს] კრიმინალური პოლიცია, ეროვნული უშიშროების სამინისტრო, სასაზღვრო ჯარები და ლაგოდეხის რაიონის სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელი. მე ან კრიმინალურმა პოლიციამ გამიტაცა, ან ეროვნული უშიშროების სამსახურმა. საზღვარზე სასაზღვრო ჯარმა გადამიშვა, უპასპორტოდ, ეს კი სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელმა დაუშვა. ეს ყელაფერი მაღალ დონეზე იყო შეთანხმებული, მინიმუმ კვირიკაშვილმა იცოდა," - ყვება ჟურნალისტი.

აფგან მუხთარლი ამჟამად გერმანიაში იმყოფება. მისი თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისი სამშობლოში დარჩენა არ სურდა.

ჟურნალისტს აზერბაიჯანში ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედებოდა. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

-------------

აზერბაიჯანელი ჟურნალისტმა და აქტივისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და ამის გამო მას ქვეყანაში დევნიდნენ, ცოლთან ერთად საქართველოს თავი 2015 წელს შეაფარა. ის 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში ჰყავდათ დაკავებული, თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

მუხთარლი ამბობდა, რომ რომ საქართველოდან ის კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა და ამის უფლება მათ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მისცა.

კომენტარები