ნავთობის ბაზარი

11-დღიანი ვარდნის შემდეგ ნავთობის ფასები 17%-ით გაიზარდა

0 კომენტარი
ფოტო: wordpress.com

თითქმის ორკვირიანი შემცირების შემდეგ, 19 მარტს ნავთობის ფასები პირველად გაიზარდა. წინა დღეს ფასები 2003 წლის ნიშნულამდე შემცირდა და 25 დოლარსაც ჩამოცდა.

19 მარტის სავაჭრო დღეს Brent-ის მარკის ნავთობზე ფასი 17%-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 28 დოლარს შეადგენს. 35%-ით გაიზარდა WTI-ის ბრენდის ნავთობის ფასი და 25 დოლარს გაუტოლდა. 

ნავთობის ფასების ვარდნა ჩინეთიდან შემცირებული მოთხოვნის ფონზე დაიწყო, რადგან მთელი ნავთობის დაახლოებით 20%-ს სწორედ ჩინეთი მოიხმარს. ამის მიუხედავად, ფასების მკვეთრი ვარდნა რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის ჩაშლილ შეთანხმებას მოჰყვა, რის შემდეგაც ფასები ერთ დღეში 30%-ით შემცირდა. 

ამგვარად, სულ რაღაც ორ კვირაში ნავთობის ფასები დაახლოებით 40%-ით დავარდა. კიდევ უფრო დიდია სხვაობა წლის დასაწყისთან შედარებით, როდესაც ნავთობის საშუალო ფასი 70 დოლარს აღემატებოდა. 

ნავთობის ფასის კლების პარალელურად უფასურდება რუსული რუბლიც, ამ დროისთვის 1 დოლარის ღირებულება 81 რუბლია, ხოლო 1 ევროსი 87.

გაუარესებული მოლოდინების ფონზე ერთერთმა ყველაზე გავლენიანმა საერთაშორისო საკრედიტო სააგენტომ Fitch-მა მიმდინარე წელის რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაანახევრა. წინა პროგნოზი სააგენტომ გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, მაშინდელი პროგნოზით რუსეთში 2%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო ნავარაუდევი, განახლებული პროგნოზი კი 1%-ია. 

ანალიტოკოსების უმეტესობა მომავალ პერიოდში ნავთობის ფასების შემცირებას ვარაუდობს. ასეთი პროგნოზის ორი მთავარი მიზეზი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ნავთობზე შემცირებული მოთხოვნაა. შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების გეგმები, მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით. 

OPEC-სა და რუსეთს შორის ჩაშლილი შეთანხმების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას დღეში 13 მილიონ ბარელამდე გაზრდის, 300 ათასი ბარელით გეგმავს მოპოვების ზრდას რუსეთიც. ჯერ კიდევ მოქმედებს ძველი შეთანხმება, რომლის მოქმედების ვადაც პირველ აპრილს იწურება, სწორედ ამ დღეს დაიწყებენ მწარმოებლები მოპოვების ტემპების ზრდას.

პროცესების შედაგად ბაზარზე ნავთობის ჭარბი რაოდენობა გაჩნდება, რამაც შემცირებული მოთხოვნის პარალელურად კიდევ უფრო უნდა გააიაფოს პროდუქცია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები