შსს

მართვის გამოცდა და სხვა - შსს-ის მომსახურების სააგენტო სერვისების ნაწილს დროებით აუქმებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სერვისების ნაწილის მიწოდებას დროებით აუქმებს.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები უქმდება. 

მომსახურების სააგენტოს ცნობით, მოქალაქეებს, რომლებსაც თეორიული გამოცდის თარიღი დაჯავშნილი ჰქონდათ, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 დღის განმავლობაში, იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე. ხოლო, მათ, ვისაც თეორიული გამოცდა ჩაბარებული აქვთ, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 დღის განმავლობაში. 

ამასთან, 20 მარტიდან ასევე უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. 

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის (sa.gov.ge) საშუალებით, დამზადებული დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში, ხოლო სხვა ცნობების მისაღებად განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ფილიალებში. 

20 მარტიდან შეგიძლიათ, მომსახურების სააგენტოს სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მიმართოთ. 

ამასთან, მოქალაქეებს დროებით ვერ მოემსახურება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრები. 

"კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების თანხლებისგან,"- წერია განცხადებაში. 

მომსახურების სააგენტოს ცნობით, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული 24, 26 და 28 მარტს სამუშაო რეჟიმს წყვეტს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება. 

კომენტარები