აშშ-ის არჩევნები 2020

ტულსი გაბარდმა საპრეზიდენტო კამპანია დაასრულა და მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირა

0 კომენტარი
ჯო ბაიდენი და ტულსი გაბარდი

ჰავაის კონგრესმენმა ტულსი გაბარდმა 2020 წლის საპრეზიდნეტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის კამპანია ოფიციალურად შეწყვიტა და მხარი ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუჭირა.

"ვიცნობ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მის ცოლს და მადლიერი ვარ, რომ მის შვილს, ბოუს, რომელიც ჩემს მსგავსად ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა, მეგობარს ვუწოდებდი. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ყველა საკითხზე არ ვეთანხმებოდე ვიცე-პრეზიდენტს, ვიცი, რომ მას კარგი გული აქვს და ჩვენი ქვეყნის და ამერიკელი ხალხის სიყვარული ამოძრავებს." თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაბარდი მხარს ვერმონტის სენატორს, ბერნი სანდერსს უჭერდა.

ამჟამად ბაიდენს 1,181 დელეგატი ჰყავს, ბერნი სანდერსს - 885. დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის კანდიდატებს 1,991 დელეგატი სჭირდებათ. მათ გარდა ბრძოლას მხოლოდ ტულსი გაბარდი აგრძელებდა, თუმცა მან ამ დრომდე მხოლოდ 2 დელეგატის მოპოვება შეძლო.

17 მარტს სამ შტატში გამართულ პრაიმერში განცდილი მარცხის შემდეგ ბერნი სანდერსის კამპანიის მენეჯერმა თქვა, რომ ვერმონტის სენატორი საკუთარ კამპანიას შეაფასებს და სხვადასხვა შესაძლებლობას საკუთარ მხარდამჭერებთან განიხილავს.

17 მარტს სანდერსი ფლორიდის, ილინოისის და არიზონას შტატებში გამართულ პრაიმერში ჯო ბაიდენთან დამარცხდა.

ბაიდენმა სანდერსის ამომრჩევლებს მიმართა მხარი მას დაუჭირონ:

"ნება მომეცით მოგმართოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც სენატორმა სანდერსმა შთააგონა, მე მესმის თქვენი, ვიცი რა არის სასწორზე, ვიცი რა უნდა გავაკეთოთ."

შემდეგი პრაიმერი პუერტო რიკოში 29 მარტს ჩატარდება.. 17 მარტს პრაიმერი უნდა გამართულიყო ოჰაიოს შტატშიც, თუმცა უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ის გადაიდო და 2 ივნისს გაიმართება. ივნისში გადაიტანეს პრაიმერი კიდევ რამდენიმე შტატში - ჯორჯიაში, ლუიზიანაში, მერილენდში და კენტუკიში.

10 მარტის პრაიმერში 6 შტატიდან მხოლოდ ერთში გამარჯვების შემდეგ სანდერსმა პირობა დადო, რომ ნომინაციისათვის ბრძოლას გააგრძელებდა.

ჯო ბაიდენი აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში დემოკრატიული ნომინაციისათვის ბრძოლაში სუპერ სამშაბათს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დაწინაურდა. 3 მარტს მან გაიმარჯვა ალაბამას, არკანზასის, მენის, მასაჩუსეტსის, მინესოტას, ჩრდილოეთ კაროლინას, ოკლაჰომას, ტენესის, ტეხასის და ვირჯინიის შტატებში. 16 მარტს გამართულ დებატებში ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ნომინაციის მოპოვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტად ქალს დაასახელებდა.

სუპერ სამშაბათამდე ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ მინესოტას სენატორი ემი კლობუშარი და საუს ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტიჯეჯი. მათ მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირეს. სუპერ სამშაბათს განცდილი მარცხის შემდეგ კამპანია შეწყვიტა მილიარდერმა, ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა და მანაც მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირა. ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშა მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენიც. ამ დრომდე მას არ გაუკეთებია განცხადება იმაზე, თუ ვის უჭერს მხარს. ჯო ბაიდენს მხარს უჭერენ სხვა ყოფილი კანდიდატებიც, მათ შორის კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი და ყოფილი ტეხასელი კონგრესმენი ბეტო ო'რურკი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები