კალაძე: წითელ ჯვართან ერთად გადავამზადებთ მოხალისეებს, დავეხმარებით მოხუცებს

თბილისის მერია

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიას და ორგანიზაცია წითელ ჯვარს შორის მემორანდუმი ფორმდება, რომლის მიხედვითაც გადამზადდებიან ის ადამიანები, რომლებსაც მოხალისეობის სურვილი აქვთ. კალაძის თქმით, მოსახლისეობის სურვილი ბევრს აქვს, თუმცა, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც აუცილებელია.

სათანადოდ მომზადებული და ჩაცმული მოხალისეები მერიასთან ერთად ახალი კორონავირუსის რისკ-ჯგუფში მყოფ ადამიანებს დაეხმარებიან.

"ბოლო დღეებში იმატა მოხალოსეობის მსურველთა რაოდენობამ. მოხდება მათი გადამზადება, რომ ამ პროცესებში მოხალისეების ჩართულობის თავლსაზრისით ვიყოთ უსაფრთხოდ. უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზეც. დღეს წითელ ჯვართან ფორმდება მემორანდუმი და ჩვენ მათ გადავამზადებთ", - თქვა კალაძემ.

კალაძის თქმით, პირველ ეტაპზე შემუშავდება ამანათების ფორმა, რომელიც საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებს და მედიკამენტებს მოიცავს მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის. ამანათებს მათ მოხალისეები მიუტანენ. კალაძის თქმით, მოხუცები თბილისის ყველა გამგეობას ცხელ ხაზზე (2 72 22 22) უკავშირდებიან. ხანდაზმული ადამიანების რაოდენობა, ვისაც მერია უნდა დაეხმაროს, დაახლოებით 2 500-ია. 

"ცხელი ხაზი მუშაობს და ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების რეგისტრაციას, ვინც დახმარებას საჭიროებს", - თქვა მან. 

მერმა ასევე განაცხადა, რომ საკვებთან ერთად შედგება მედიკამენტების სტანდარტული პაკეტი, რომელიც ხანხაზმულ ადამიანებს გადაეცემათ. 

"ყველაზე მთავარია, რომ ცხელ ხაზზე უმეტესად გვიკავშირდებიან ის ადამიანები, ვინც სხვების დახმარების სურვილს გამოთქვამს. ნამდვილად მეამაყება, რომ გვყავს ასეთი ადამიანები, ყველაფერი იქნება კარგად. ამის თქმის უფლებას მაძლევენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ ინტერესზე წინ სხვების პრობლემებს აყენებენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რომელსაც ბოლო დღეებში ვისმენთ". 

მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ მოხალისეებს, რომლებმაც 24 საათში ფეისბუქ ჯგუფით 55 ათასი ლარი შეაგროვეს და 600-მდე მოხუცი საკვებით და მედიკამენტებით მოამარაგეს.

კომენტარები