რუსეთი

კრემლის სპიკერი: პუტინს კორონავირუსზე შემოწმება არ სჭირდება, სიმპტომები არ აქვს

დმიტრი პესკოვი და ვლადიმერ პუტინი
Russia Insider

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს კორონავირუსზე ტესტი არ გაუკეთებია და არც საჭიროებს, რადგან ჯანმრთელია და არანაირი სიმპტომი არ აქვს.

"მადლობა ღმერთს, ის თავს ყოველთვის მშვენივრად გრძნობს." განაცხადა პესკოვმა პრესკონფერენციაზე, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს გაიკეთა თუ არა პრეზიდენტმა ტესტი კორონავირუსზე.

ამჟამინდელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით 199 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაიცვალა 1, 9 კი გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ პროფკავშირის "ექიმების ალიანსის" აქტივისტი და ექიმი ანასტასია ვასილევა ამბობს, რომ რუსეთში ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შეამციროს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი და სიმპტომების მქონე პირებს პნევმონიის მქონე პაციენტებად ნიღბავს.

ვასილევამ "ექიმების ალიანსის" ოფიციალურ YouTube-არხზე ვიდეომიმართვა 10 მარტს გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ ხელისუფლება მუდმივად იტყუება კორონავირუსთან დაკავშირებით, ახლა თავიანთი უპასუხისმგებლო მოქმედებებით, ხელს უწყობენ კიდეც მის გავრცელებას.

ამასთან ერთად ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მიხედვით რუსული მედია დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს დეზინფორმაციის კამპანიას, რათა უნდობლობა და პანიკა დათესოს. ანგარიშის მიხედვით დეზინფორმაციას კრემლის მიერ დაფინანსებული მედიები ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე ავრცელებენ და იყენებენ ურთიერთსაწინააღმდეგო, დამაბნეველ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, რათა ევროკავშირის ქვეყნებში პანდემიაზე სათანდო რეაგირება გართულდეს.

კომენტარები