ჯონსონი: მოვუწოდებთ კაფეებს, პაბებს, ბარებს, რესტორნებს, დღეიდან დაიხურონ

კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა საჯარო თავშეყრის ადგილებს დახურვისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებთ კაფეებს, პაბებს, ბარებს და რესტორნებს ამ საღამოს რაც შეიძლება მალე დაიხურონ და ხვალიდან აღარ გაიღონ", - თქვა ჯონსონმა.

"დაბადებიდან თავისუფალ ბრიტანელ ხალხს ვართმევთ ძველ, განუყოფელ უფლებას, წავიდნენ პაბში და მესმის, რას გრძნობს ხალხი ამასთან დაკავშირებით." - დაამატა პრემიერმა.

იგივე ეხებათ ღამის კლუბებს, თეატრებს, კინოთეატრებს, სავარჯიშო დარბაზებსა და დასასვენებელ ცენტრებს. მოგვიანებით კი ჯონსონის კაბინეტში დაადასტურეს, რომ სიაში შედიან კაზინოები, სპა-ცენტრები, გალერეები და მუზეუმები. სოციალური დისტანცირების ახალ ზომებს მთავრობა ყოველთვე გადახედავს.

ჯონსონმა მოსახლეობას ისიც მოუწოდა, პარასკევ საღამოს გარეთ გასვლისგან თავი შეეკავებინათ.

გაერთიანებულ სამეფოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 3269 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 167 პაციენტი გარდაიცვალა, 65 კი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების თითქმის მესამედი ლონდონზე მოდის.

 

კომენტარები