კორონავირუსი

იმნაძე: ესპანეთში COVID-19-ით ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა, ონკოლოგიური დაავადებაც ჰქონდა

რუსთავი 2

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.

"არის ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი, ესპანეთში საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ შეტყობინება, რომ ესპანეთში ჩვენი თანამემამულე, სამწუხაროდ, გარდაიცვალა - ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს კორონავირუსი. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირშია ესპანეთში შესაბამის უწყებებთან და ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება," - განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია იმედთან საუბრისას.

19 მარტს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსით ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, 74 წლის ქალი გარდაიცვალა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს 20 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით საქართველოს 20-მდე მოქალაქეა დაინფიცირებული. უწყების ინფორმაციითვე, მათ უმეტესობას კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აქვს.

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 48 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები