საგანგებო მდგომარეობა საქართველოში

ჯაღმაიძე: პრემიერი იყო საპატრიარქოში, გვითხრა, რომ 10-კაციანი შეკრება არაა ბუკვალურად გასაგები

მთავრობის ადმინისტრაცია

საპარტიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ფარგლებში 10-კაციანი შეკრებების აკრძალვაზე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას საპატრიარქოში ესაუბრნენ და მან თქვა, რომ ეს პრინციპი ბუკვალურად გასაგები არაა:

"ამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით განცხადებამ, რომ ამ რეჟიმში 10-კაციანი შეკრებების ნებართვა არის მხოლოდ, გამოიწვია გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და ბევრი კითხვა გააჩინა ეკლესიაში, მრევლში, სასულიერო პირებში.

დღეს შევეცადეთ მიგვეღო უფრო დაწვრილებითი განმარტებები. პრემიერმინისტრი ბრძანდებოდა საპატრიარქოში დღეს და მოვისმინეთ მისგან, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10-კაციანი შეკრების პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები."

ჯაღმაიძის თქმით ეკლესიებში საკვირაო ლოცვა ჩვეულებრივ ჩატარდება და მრევლს აუხსნიან, რომ დისტანცია დაიცვან:

"საქმე ისაა, რომ საგანგებო მდგომარეობა უპირველეს ყოვლისა თავის მიზნებს ემსახურება. ამ შემთხვევაში მიზანი არის სიმჭიდროვე არ იყოს ადამიანების შეკრების დროს, იყოს დაცული დისტანცია. ამ შემთხვევაში ჯანდაცვის უწყებების მიერ მოცემულ რეკომენდაციებს და სინოდის სხდომის გუშინდელ ოქმშიც ამაზე იყო საუბარი, რომ ჩვენმა მრევლმა, ჩვენმა მოქალაქეებმა, საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მიცემული რეკომენდაციები.

ჩვენ მივიღეთ განმარტება დღეს ეკლესიაში მსახურებაზე, მრევლის დგომასთან დაკავშირებით. განგვიმარტეს, რომ დიდ და მცირე ზომის ტაძრებში ადამიანების ერთნაირი რაოდენობა ვერ იქნება. ეს გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ აქ დამსწრე ადამიანებს შორის იყოს შესაბამისი დისტანცია, რასაც გვირჩევს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, თითოეული მოქალაქის. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და იქ მომხდარი აფეთქება გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. თუკი არ ეწინააღმდეგება რაიმე რეკომენდაცია ღვთისმსახურებას და რაიმე დღესასწაულის აღნიშვნას, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენგანაც არის რეკომენდაცია, რომ ჯანმრთელობის დაცვასა და ერთმანეთზე ზრუნვისთვის გათვალისწინებული იყოს ეს."

მისივე თქმით, თუ მთავრობას მიეცემა ამის საშუალება, შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობა ერთ თვეზე ადრე გააუქმოს და მლოცველებს დღესასწაულებზე დისკომფორტი არ შეექმნებათ:

"თუ ამის საშუალებას მისცემს [ხელისუფლებას] ის მდგომარეობა, რომელიც აღდგომის წინა პერიოდში გვექნება, შესაძლებელია, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადა გადმოწეულ იქნას იმისთვის, რომ რაიმე დისკომფორტი არ შექმნას მლოცველებისთვის. საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დღესასწაულზე შეიძლება იყოს ბევრი ხალხი და იცით, რომ აღდგომის მარხვის პერიოდში არის სხვადასხვა დღესასწაულები და მსახურებები, მათ შორის, შვიდგზის ზეთისცხება სრულდება, გვაქვს ხარება, ბზობა და ა.შ. შესაძლებელია ასევე, რომ მრევლის ნაწილი ტაძართან ეზოში დადგეს, როგორც ეს ითქვა."

21 მარტს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ერთი თვის ვადით. მომხრე იყო 115 დეპუტატი, წინააღმდეგი 2.

ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა რწმენის და აღმსარებლობის უფლების ნაწილია და ის არ არის პრეზიდენტის დეკრეტით შეზღუდული.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტისათვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე მიმართვისას პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 10 ადამიანზე მეტის შეკრებასკრძალავს, შეეხება ყველასა და ყველაფერს.

რა წერია პრეზიდენტის ბრძანებაში და რა შეზღუდვებს ითვალისწინებს მის მიერ გაცემული დეკრეტი ნახეთ აქ.

კომენტარები