საგანგებო მდგომარეობა

ლომჯარია: შეკრების შეზღუდვა გულისხმობს ეკლესიებში საზოგადოების თავშეყრასაც

სახალხო დამცველის აპარატი

ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა, 10 კაცზე მეტის შეკრების აკრძალვის შესახებ, ეკლესიასაც ეხება. 

"პრეზიდენტის დეკრეტი, ამ შემთხვევაში, ზღუდავს შეკრებისა და მანიფესტაციის მუხლს, რაც გულისხმობს იმას, რომ იზღუდება და ამ შემთხვევაში, იკრძალება მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ, ასევე, გარეთ. მე მიმაჩნია, რომ ეს გულისხმობს, მათ შორის, ეკლესიებში საზოგადოების თავშეყრას, იმიტომ რომ შეკრება გულისხმობს ადამიანთა ჯგუფის ნებისმიერი სახის შეკრებას", - თქვა ნინო ლომჯარიამ რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

ლომჯარიას თქმით, დეკრეტის გამოცემის შემდეგ მთავრობა დეკრეტის გამოცემის შემდეგ თავად განსაზღვრავს, რა შემთხვევაში არის გამონაკლისი. 

"დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დეკრეტის ძალაში შესვლის მომენტიდან შეზღუდულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, რომელიც გულისხმობს მოქალაქეთა ჯგუფის ნებისმიერი სახის შეკრებას, როგორც ჭერქვეშ, ასევე საჯარო სივრცეში, თუმცა კონკრეტულად ამ წესიდან გამონაკლისი იქნება თუ არა, ამას უკვე დაადგენს მთავრობა", - თქვა სახალხო დამცველმა.

ლომჯარიას თქმით, ეს შეზღუდვა რწმენისა და აღმსარებლობის უფლების შეზღუდვას არ გულისხმობს. 

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ 10 კაცზე მეტის შეკრება შეიზღუდება. კითხვაზე, ეხება თუ არა შეკრების შეზღუდვა ეკლესიას, გახარიამ თქვა, რომ შეზღუდვა ეხება "ყველას და ყველაფერს".  

საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

კომენტარები