მეუფე გრიგოლმა "საღ აზრზე" საგანგებო მდგომარეობის დროს ჩატარებულ წირვაზე იქადაგა

არავინ გაიძულებთ, რომ არჩევანი გააკეთოთ ღმერთსა და ავადმყოფობას შორის, ღმერთსა და ვირუსს შორის - წარმოთქვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საკვირაო ქადაგებისას, ლიტურგიაზე, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად მაინც ჩატარდა. ქადაგების შემდეგ მიტროპოლიტმა გრიგოლმა მორწმუნეები ერთი კოვზით აზიარა.

"როცა ჩვენ ქრისტიანული სიმაღლიდან ვსაუბრობთ ორ მცნებას, გიყვარდეს ღმერთი შენი და არასდროს არ შეიძლება ამის უარყოფა და განდგომა და გიყვარდეს მოყვასი შენი. არავინ გაიძულებთ, რომ არჩევანი გააკეთოთ ღმერთსა და ავადმყოფობას შორის ღმერთსა და ვირუსს შორის, დღეს ჩვენ გეუბნებით, სახელმწიფო გვეუბნება, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით ერთმანეთს და აქ უფრო იმპერატიული ფორმაა და ადგილი აქვს ერთმანეთისადმი მოფრთხილებას. ჩვენი რწმენა ქრისტეში არ ნიშნავს საღი აზრისგან განდგომას და უარყოფას, ჩვენ ყოველთვის საღი აზრის პატივისმცემელი უნდა ვიყოთ და საღი აზრი არ ნიშნავს ღმერთის განდგომას.

დიახ, ამ პერიოდში დიდი განსაცდელია და კიდევ მოტივაციაა იმისთვის, რომ ვილოცოთ სახლში, ტაძრებში, ყველგან. ტაძრები არ იკეტება. არ შეიძლება რეალობისა და სასურველის ერთმანეთში აღრევა. დღეს აქ ვართ ტაძარში, ჩვენ მაგალითი უნდა მივცეთ სხვა ადამიანებს. ეუბნებიან ადამიანს მოუფრთხილდი შენს თავს, მეზობელს, ნათესავს, გარბიან, ვერ უძლებენ ამას. როგორი სუსტები ვართ. საგანგებო მდგომარეობა იმით არის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენ თვალწინ მტერს, თუ ადამიანი მოერიდება არანაირად არ ნიშნავს ეს რწმენის სისუსტეს," - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

სინოდის დადგენილებამდე მიტროპოლიტმა გრიგოლმა საეპარქიო საბჭო მოიწვია, რომელმაც ღვთისმსახურებები არ შეაჩერა და არც ერთი კოვზით ზიარების წესი შეცვალა.

საქართველოს ეკლესია უარს ამბობს, როგორც ღვთისმსახურებათა შეჩერებაზე, ისე ერთი კოვზით ზიარების წესის შეცვლაზე.

გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა, რომ შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხებოდა. 

მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საპირისპირო განცხადება გააკეთა: "პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის, რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი".

20 მარტს შეკრებილმა წმიდა სინოდმა, ეპიდემიას უმოქმედობით უპასუხა - ღვთისმსახურებები არ შეაჩერა, ზიარების წესი არ შეცვალა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებითი ზომები არ მიიღო.

წმიდა სინოდმა გვერდი აუარა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებსა და არ გაითვალისწინა სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ მიღებული დამატებითი ზომები.

სინოდის სხდომის ოქმის შესახებ დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.

საბერძნეთის შემთხვევაში, წმიდა სინოდის მიერ მიღებულ მსგავს გადაწყვეტილებას, რომელიც არ აკმაყოფილებდა ქვეყნის ჯანდაცვის დაწესებულებების მოთხოვნებს, საბერძნეთის მთავრობამ ღვთისმსახურებების შეჩერებით უპასუხა.

არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ.

კორონავირუსთან დაკავშირებით საზიარებელი კოვზის დეზინფექცია დაიწყო მოსკოვის საპატრიარქომ, ხოლო უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კოვზი საერთოდ ამოიღო პრაქტიკიდან. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილმა ერისკაცებისთვის ლიტურგიაზე არდასწრების რეკომენდაცია გასცა.

საქართველის ხელისუფლების მიერ მიღებული შეზღუდვების შემდეგ, რომელმაც გამონაკლისების გარდა ყველა სახის ვაჭრობას კრძალავს, ეკლესია აგრძელებს ღვთისმსახურებების აღსრულებას, რაც ეპიდემიის გავრცელების რისკს წარმოქმნის.

კომენტარები