კორონავირუსი საქართველოში

ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი: არ ვამბობ რომ ტაძრები დაიკეტოს, უბრალოდ ხალხი არ უნდა მივიდეს

ბავშვთა და მოზრდილთა ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ზიარებისას ერთი კოვზის გამოყენება დიდი რისკის მატარებელი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

"გავითვალისწინოთ ერთმანეთი , 1 თვე მაინც! ერი-ბერი, მრევლი ყველას ეხება ეს დარჩი სახლში - ესაა ჩემი მოწოდება, აქ არავითარი გამონაკლისი არ შეიძლება რომ იყოს.

მე, როგორც ექიმი სახლში ვერ დავრჩები, პოლიციელი სახლში ხო ვერ დარჩება, იმიტომ, რომ საზოგადოებრივი წესრიგი უნდა უზრუნველყოს.

ვიღაცას ფიზიკურად სტკივა რაღაც, ვიღაცას სულიერად, ამიტომ მღვდელიც უნდა იყოს ალბათ ტაძარში, ტაძარს ბოქლომი არ უნდა დაადონ, მაგრამ თუ ძალიან არ გვიჭირს, იგივე, როგორც მე ვეხმარები პაციენტს დისტანციურად, სახლში დაანთონ სანთელი და სულს უმკურნალონ სახლში, მარტივად რომ ვთქვა, როგორც ექიმმა. მე არ ვამბობ, რომ ტაძრები უნდა დაიკეტოს, უბრალოდ ადამიანები არ უნდა მივიდნენ იქ", - ასე პასუხობს კულუმბეგოვი ტაბულას კითხვას, არსებობს თუ არა ტაძარში მსახურებისას, სადაც ათეულობით, ხანდახან კი ასეულობით ადამიანი იკრობება, კორონავირუსის გადადების რისკი და უნდა წავიდნენ თუ არა ადამიანები მსახურებაზე ამ რისკების გათვალისწინებით.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვის მიუხედავად, დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვა მაინც ჩატარდა.

გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, თქვა, რომ შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხებოდა.

თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საპირისპირო განცხადება გააკეთა - "პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის, რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი".

ცნობისთვის, 20 მარტს შეკრებილმა წმიდა სინოდმა, ეპიდემიას უმოქმედობით უპასუხა - ღვთისმსახურებები არ შეაჩერა და არც ზიარების წესი შეცვალა.

კომენტარები