კორონავირუსი

გასულ დღესთან შედარებით იტალიაში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ახალმა შემთხვევებმა დაიკლო

BBC

გასულ დღესთან შედარებით იტალიაში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ახალმა შემთხვევებმა დაიკლო. 22 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 651 ადამიანი დაიღუპა, 21 მარტს ეს მაჩვენებელი 793 იყო. რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, იტალიაში 22 მარტს დაავადების 5560 ფაქტი გამოვლინდა, გასულ დღეს ეს მონაცემი 6557 იყო. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, ერთ დღეში დაინფიცირების და სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ 21 მარტს დაფიქსირდა.

22 მარტის მონაცემებით, ჯამურად იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობა 5,476-ია, ინფიცირებულთა კი - 59,138. აქედან 7,024 გამოჯანმრთელდა. ქვეყანას კორონავირუსისგან ყველაზე მეტი დაღუპული ჰყავს. იტალიამ 19 მარტს გადაუსწრო ჩინეთს, საიდანაც დაიწყო ეპიდემია და სადაც 3,261 პირია გარდაცვლილი.

ამ დროისთვის, იტალიაში კორონავირუსით დაავადებული 46,638 ადამიანიდან 3,000-ის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

იტალია 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. 21 მარტიდან, ლომბარდიაში, იტალიის კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, ჩაკეტვის ზომების გატარების უზრუნველყოფაში სამხედროებიც ჩაერთვნენ. იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობა 8%-ია. ეს გაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი. დაღუპულთა 75%-ზე მეტს მაღალი წნევა ჰქონდა, დაახლოებით 35%-ს - დიაბეტი, 1/3-ს კი, გულის დაავადება აწუხებდა.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა მხოლოდ 0.8%-ს არ ჰქონდა რამე დაავადება. 48.5%-ს სამი ან მეტი დაავადება სჭირდა, 25.6%-ს - ორი, ხოლო 25.1%-ს - ერთი მაინც. 

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 18%-ის მონაცემები შეისწავლეს. 

მსოფლიოში კორონავირუსი 335,157 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა - 14,437, ხოლო გამოჯანმრთელდა - 96,958.

კომენტარები