სუბარი: შექმნილია 10 ჯგუფი, ისინი მარნეულში თითოეულ ადამიანს შეამოწმებენ

ტვ პირველი

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის თქმით, მარნეულში შექმნილია 10 ჯგუფი, რომლებშიც ექიმებიც შედიან და რომლებიც მარნეულში თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეამოწმებენ, რათა კორონავირუსის ინფიცირების ფაქტი დროულად გამოავლინონ.

"შექმნილია მოხალისეთა 10 ჯგუფი, თითო ჯგუფში არის ექიმი. ისინი ამოწმებენ თითოეულ ადმიანს, ყველა ოჯახში უნდა შევიდნენ. იწყებენ იმ სოფლით, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, ყველაზე მეტი დაინფიცირებული ადამიანი შეძლება იყოს, სადაც ჰქონდათ კონტაქტები. შემდეგ გადავლენ მთელ დანარჩენ რაიონში", - თქვა სუბარმა.

მისივე თქმით, შექმნილია 40-მდე ჯგუფი, რომლებიც სოციალურად დაუცველებს დაეხმარებიან, მოხუცებს, მიაწვდიან სურსათს, ასევე სხვა საჭიროებებში დაეხმარებიან, მაგალითად პენსიის აღებაში.

"ყველაფერი დაკეტილია იმის გარდა, რაც განსაზღვრული იყო, რომ არ უნდა დაკეტილიყო - პურის საცხობი, სასურსათო მაღაზია, ბანკი, სხვა არაფერი მუშაობს. ადამიანებს საშუალება ეძლევათ, გავიდნენ და საველე სამუშაოები შეასრულონ, ოღონდ წესების მკაცრი დაცვით: მანქანაში არ უნდა იჯდეს 2 ადამიანზე მეტი, არ მოძრაობენ მიკროავტობუსები, ავტობუსები და სხვა", - განაცხადა მან.

სუბარისვე თქმით, მარნეულის მხოლოდ ის ადამიანები დატოვებენ, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო პროცედურების ჩატარება სჭირდებათ, ასევე, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, რაიონში ვერავინ შევა.

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც გაირკვა, რომ 60 წელს გადაცილებული ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სარიტუალო ღონისძებაში მონაწილეობდა და მას, სულ მცირე, 86 კონტაქტი ჰყავს. კარანტინის აღსრულებას შსს-ის და თავდაცვის ძალები უზრუნველყოფენ.

23 მარტის მდგომარეობით, საქართველში კორონავირუსის დადასტურებული 54 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 3 - გამოჯანმრთელდა. კიდევ 5 ადამიანს საავადმყოფოებიდან რამდენიმე დღეში გაწერენ. კარანტინის რეჟიმშია - 3254 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 233.

ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

კომენტარები