ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი პრეზიდენტის დე-ფაქტო არჩევნებში ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი პრეზიდენტის განმეორებით დე-ფაქტო არჩევნებში ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. 

ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ბჟანიამ 56%-ზე ცოტა მეტი მხარდაჭერა დააგროვა. დე-ფაქტო არჩევნებში მეორე ადგილას 35.40%-იანი მხარდაჭერით ადგურ არძინბა გავიდა, რომელიც წარსულში ეკონომიკის დე-ფაქტო სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ხოლო მესამე ადგილას 2%-ზე ცოტა მეტი მხარდაჭერით ლეონიდ ძიაპშბა, რომელიც წარსულში დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. 

განმეორებითი არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში იანვარში შექმნილ დაძაბულობას მოჰყვა. 2019 წლის სექტემბერში გამართულ დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში, ე.წ ცესკოს ცნობით, რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, ხოლო მისმა ოპონენტმა, ე.წ ოპოზიციის ლიდერმა, ალხაზ კვიცინიამ, 46.17% დააგროვა. კვიცინიამ დე-ფაქტო არჩევნების შედეგები მარიონეტულ სასამართლოში სასამართლოში 11 სექტემბერს გაასაჩივრა.

9 იანვარს დე-ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ე.წ ოპოზიციის წარმომადგენლები მარიონეტ პრეზიდენტის ე.წ ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ და დე-ფაქტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. სიტუაციის გამწვავების შემდეგ "კრიზისის გადასაჭრელად" ადგილზე რუსი მაღალჩინოსანი ჩავიდა. მეორე დღეს დე-ფაქტო სასამართლომ ე.წ არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. 

12 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა და განმეორებითი დე-ფაქტო არჩევნები 22 მარტს ჩაინიშნა. 

კომენტარები