McDonald's და Nando's დიდ ბრიტანეთში დროებით ყველა ობიექტს კეტავენ

სწრაფი კვების ობიექტი McDonald's დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 1 270-ვე ობიექტს დაკეტავს. კიდევ ერთი ქსელის, Nando's-ის ცნობით, ისინიც აპირებენ დიდ ბრიტანეტში 400-მდე რესტორნის დაკეტვას. 

კომპანიები აცხადებენ, რომ მათ ახალი კორონავირუსის გავრცელებისგან დასაქმებული პერსონალისა და მომხმარებლების დაცვა სურთ. 

20 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ყველა რესტორანი და კაფე უნდა დაიკეტოს, თუმცა გამონაკლისი დაუშვა გატანის სერვისის მქონე ობიექტებისთვის. 

BBC-ის ცნობით, McDonald's-ს დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 135 000 ადამიანამდე ჰყავს დასაქმებული, მათი დიდი ნაწილი 0-საათიანი საკონტრაქტო პირობებითაა დასაქმებული. კომპანიის განცხადებით, ის დასაქმებულები, რომლებიც პირდაპირ კომპანიის მიერაა დაქირავებული, თავიანთ ანაზღაურებას სრულად მიიღებენ 5 აპრილამდე. 

ამ დროისთვის კომპანია უკვე ელოდება ფინანსური დახმარების პაკეტს ხელისუფლების მხრიდან. ამ დროისთვის McDonald's-ს უკვე დაკეტილი ჰქონდა ობიექტები, თუმცა კვლავ მუშაობდა თან წაღების სერვისი. 

დიდ ბრიტანეთში McDonald's-ის ხელმძღვანელი პოლ პომროი ამბობს, რომ ბოლო 24 საათში მათი კომპანიისთვის ცხადი გახდა, რომ უსაფრთხო სოციალური დისტანცირების გარემოს შექმნა გადატვირთული თან წაღების სერვისის პარალელურად წარმოუდგენლად რთულია. 

"აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავკეტოთ ყველა რესტორანი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში 23 მარტს, საღამოს 7 საათისთვის,"- ამბობს პომროი. 

22 მარტს საღამოს Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტში Nando's-ი წერს, რომ ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი რესტორნების დაკეტვა იქნება. მათივე განცხადებით, დასაქმებული პერსონალისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება კომპანიის "უმაღლესი პრიორიტეტია". Nando's-ს დიდ ბრიტანეთში 20 000-მდე დასაქმებული ჰყავს. 

ამ დროისთვის დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5 690-მდე შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 281 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები