კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე მარნეულის შემთხვევაზე: ახლო კონტაქტში მყოფი 90-ზე მეტი პირი დადგენილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეის პაატა იმნაძის თქმით, მარნეულში გამოვლენილი ვირუსის მატარებელი პირის პრაქტიკულად ყველა კონტაქტი დადგენილია და ეს პირები იზოლაციაში იმყოფებიან.

თუმცა, გუშინ, 22 მარტს, ამირან გამყრელიძე ამბობდა, რომ მარნეულის პაციენტის 86 კონტაქტია გამოვლენილია, თუმცა მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტია.

ასევე გუშინ, მთავრობაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ დადგენილია 90 საკონტაქტო პირი, თუმცა "ჯერ ეს არაფერს ნიშნავს, სიტუაცია საკმაოდ რთულია".

"ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, დღეს ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი - ჯერ ეს არაფერს ნიშნავს, სიტუაცია საკმაოდ რთულია", - თქვა გიორგი გახარიამ.

როგორც იმნაძე განმარტავს, საუბარია 90-ზე მეტ ადამიანზე, აქედან 3 პირი უკვე გამოკვლეულია და მათი პასუხები უარყოფითია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დანარჩენი კონტაქტების გამოკვლევა.

საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 54 შემთხვევიდან ერთ-ერთი მარნეულში მცხოვრები ქალია, რომელსაც, NCDC-ის ინფორმაციით, 90-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

პრემიერმინისტრ გახარიას ინფორმაციით, ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩამოსული ადამიანებიც მონაწილეობდნენ.

ამ მიზეზით, ხელისუფლებამ მარნეულის და ბოლნისის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

კომენტარები