კორონავირუსი საქართველოში

ბოკერია: ვერ ვხედავ შანსს, ხელისუფლებამ COVID-19 არჩევნების გადადების საბაბად გამოიყენოს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ "არჩევნები საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან მხოლოდ 6 თვის თავზე ჩატარდება", მსგავსი ჩანაწერი კი საქართველოს კონსტიტუციაში არ არსებობს. 

ბოკერიას განმარტებით, როდესაც საქმე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ეხება, რთულია პროგნოზირება, აზრი ვერ გამოხატა სწორად, თუ რამე სხვას გულისხმობდა ამ განცხადებაში. 

"რაც მან თქვა, ის სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ტიპის შეზღუდვა არ არსებობს არსად ქართულ კანონმდებლობაში და იმედი მაქვს, საგანგებო მდგომარეობა რომ დასრულდება ერთი თვის შემდეგ და, ეს ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი ფაზა გადაივლის, ამის შემდეგ აღარ იქნება საჭირო გაგრძელება და არანაირი პრობლემა არ შეექმნება არჩევნებს,"- თქვა გიგა ბოკერიამ. 

დეპუტატის განცხადებით, თუკი მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ისეთი მძიმე მდგომარეობა შეიქმნება, რომ არჩევნების ჩატარება ფიზიკურად შეუძლებელი გახდება, ეს ყველასთვის გასაგები იქნება, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ეს ასე არ მოხდება. 

"ამ საბაბით არჩევნების გადადება ხელისუფლებას არ გამოუვა არცერთ შემთხვევაში,"- ამბობს ბოკერია. 

კითხვაზე, უხერხულია, თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება, რა მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს ამას, ბოკერია პასუხობს, რომ "უხერხულზე უფრო მეტია". 

"ჩვენი, საზოგადოების პოზიცია მყარი უნდა იყოს. ახლა მთელი მსოფლიოს და საქართველოს მთავარი ფოკუსი ამ უმძიმეს გამოწვევაზეა, პანდემიისა და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სახით. ამასთან ერთად ეკონომიკის უზარმაზარი პრობლემა გვაქვს, რაც ბუნებრივად გამოიწვია [ახალმა კორონავირუსმა] და რაზეც ვერ ვხედავთ ქმედით ნაბიჯებს, მაგრამ ეს გადაივლის ყველა შემთხვევაში და არჩევნები ჩატარდება და ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლებამ ეს საბაბად გამოიყენოს, თუ რეალური საფრთხე არ იქნება,"- თქვა გიგა ბოკერიამ. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარების გამოცხადების დროს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ "არჩევნები საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან მხოლოდ 6 თვის თავზე ჩატარდება". მანვე აღნიშნა, რომ "იმედია შევძლებთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებას იმ ვადაში, რომ დაგეგმილი არჩევნების დრომ არ გადაიწიოს ან გადაიწიოს მინიმალურად". 

მსგავსი ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში არ არსებობს. კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, "თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა". 

კომენტარები