რესპუბლიკურში მარნეულელი კაცის ტესტის პასუხს ელიან, მას მარნეულელ ქალთან კონტაქტი არ ქონია

რესპუბლიკური საავადმყოფოში კორონავირუსის ტესტის პასუხს 80 წელს გადაცილებული მარნეულელი კაცი ელოდება. მისი მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, კაცი გუშინ მარნეულიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადმოიყვანეს.

"ჯერჯერობით, A და B ვირუსებზე გაკეთდა ტესტი და უარყოფითია. ველოდებით ლუგარის ლაბორატორიას, რომელიც აიღებს ნაცხებს და პასუხები გვექნება ამ საღამოს. მანამდე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. მდგომარეობის სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი პნევმონია და ამის ფონზე განვითარებული სეპტიური მდგომარეობა, დისტრეს სინდრომი. უტარდება ყველა საჭირო მკურნალობა", - თქვა გოფიძემ.

რაც შეეხება პაციენტის ეპიდემიოლოგიურ ისტორიას, გოფოძის დასკვნით, პაციენტი საავადმყოფოში შემოყვანისას კონტაქტური იყო და მასთან გასაუბრების შემდეგ ექიმებმა დაასკვნეს, რომ ინფიცირებულ ქალთან კონტაქტი არ ჰქონია.

"პაციენტი არის კაცი, 80 წელზე მეტის. რამდენიმე დღე იმყოფებოდა სახლში და ჰქონდა ცხელება, აკვიირდებოდნე ბინაზე. არ იყო თვითიზოლაციაში, უბრალოდ ავად იყო და სანამ სუნთქვის უკმარისობა არ გამოჩნდა, როგორც სიმპტომიმ, მანამდე არ მიმართეს ექიმს. მისი კონტაქტები არც ერთი არ არის იმ კლასტერიდან მარნეულის. ძირითადად სახლში იმყოფებოდა, ჰქონდა კონტაქტი ოჯახის წევრებთან", - თქვა გოფოძემ.

მისივე განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს 34 პაციენტი. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ასევე, ამავე კლინიკაში მოთავსებულ 7 პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილი გუშინ გახდა, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ანალიზი კიდევ 4 ადამიანს ჩაუტარდება.

23 მარტის მდგომარეობით, საქართველში კორონავირუსის დადასტურებული 54 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 3 - გამოჯანმრთელდა. კიდევ 5 ადამიანს საავადმყოფოებიდან რამდენიმე დღეში გაწერენ. კარანტინის რეჟიმშია - 3254 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 233.

ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 24 მარტის 00:00 საათიდან აიკრძალა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

ჩაკეტილია მარნეული და ბოლნისი. აქ კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც გაირკვა, რომ 60 წელს გადაცილებული ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სარიტუალო ღონისძებაში მონაწილეობდა და მას, სულ მცირე, 86 კონტაქტი ჰყავს. კარანტინის აღსრულებას შსს-ის და თავდაცვის ძალები უზრუნველყოფენ. თავად ინფიცირებული ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

კომენტარები