კორონავირუსი

თურნავა: ბოლნისსა და მარნეულში დროებით ეკონომიკური საქმიანობა ჩერდება

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, საგანგებო მდგომარეობის გამო, ეკონომიკური საქმიანობა დროებით ჩერდება.

მინისტრის თქმით, საქმიანობა არ შეუჩერდება ისეთ მომსახურებებს, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო და სამედიცინო უზრუნველყოფასთან. 

"დროებით, ამ საგანგებო კარანტინის პირობებში, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ყველანაირი ეკონომიკურ საქმიანობა ჩერდება, გარდა ისეთი საქმიანობისა, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო უზრუნველყოფასთან და მედიკამენტებით უზრუნველყოფასთან. თუმცა, ეკონომიკურ გუნდს აქვს დავალებული კონკრეტული ჩამონათვალი წარვადგინოთ, რომელი საწარმოები აგრძელებენ საქმიანობას. შეუფერხებლად გააგრძელებენ ფუნქციონირებას ის საწარმოები, რომლებიც დაკავშირებული არიან კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან. ეს არის ენერგეტიკა, წყალმომარაგება, გაზის მომარაგება, საქმიანობას გააგრძელებენ სამრეწველო საწარმოები, სასოფლო-სამეურნეო საწარმოები. უფრო დეტალურ ჩამონათვალს დღეს გამოქვეყნდება. არანაირი შეფერხება არ ექნება კავშირგაბმულობას და მედიცინას. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შეუფერხებლად განხორციელდეს ამ ორ მუნიციპალიტეტში ყველანაირი პრევენციული სამუშაოები. ხელისშეწყობა მაქსიმალური იქნება," -თქვა თურნავამ

მანვე აღნიშნა, რომ დანარჩენ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობა შეუფერხებლად ხორციელდება. 

"ბოლნისის და მარნეულის გარდა, დანარჩენ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობა შეუფერხებლად ხორციელდება. შეზღუდვას დღეს ექვემდებარება საცალო ვაჭრობა არასასურსათო საქონლით და ასევე სარესტორნე მომსახურება, რომელიც არ შეიძლება განხორციელდეს რესტორნების ფართში. დანარჩენ შემთხვევებში, სერვისის მიწოდება თუ ხდება კურიერის მეშვეობით, ყველა პირობის დაცვით და გაყიდვა ხდება ელექტრონულად, მაშინ შეზღუდვები არ არსებობს," - თქვა ნათია თურნავამ

საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 54 შემთხვევიდან ერთ-ერთი მარნეულში მცხოვრები ქალია, რომელსაც, NCDC-ის ინფორმაციით, 90-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

პრემიერმინისტრ გახარიას ინფორმაციით, ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩამოსული ადამიანებიც მონაწილეობდნენ.

ამ მიზეზით, ხელისუფლებამ მარნეულის და ბოლნისის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

კომენტარები