კორონავირუსი საქართველოში

ექიმი ირაკლი ჭელიშვილი: მესმის, რომ მართლმადიდებლები ვართ, მაგრამ არ მგონია ვირუსმა იცოდეს

მედიცინის დოქტორი, ნეიროქირურგი ირაკლი ჭელიშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ზიარებისას ერთი კოვზის გამოყენება მიზანშეწონილი არაა და რისკების შემცველია, - "მესმის, რომ მართლმადიდებლები ვართ, მაგრამ არ მგონია ვირუსმა იცოდეს ეს", - ამბობს ჭელიშვილი.

კითხვაზე არსებობს თუ არა ტაძარში მსახურებისას, სადაც ათეულობით, ხანდახან კი ასეულობით ადამიანი იკრობება, კორონავირუსის გადადების რისკი და უნდა წავიდნენ თუ არა ადამიანები მსახურებაზე ამ რისკების გათვალისწინებით, ირაკლი ჭელიშვილი ამბობს, რომ რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, ადამიანებმა უნდა შეიკავონ თავშეყრის ადგილებში სიარულისგან თავი, მათ შორის ეკლესიაშიც.

"მე წინააღმდეგი ვარ. რადგან გადავწყიტეთ რომ ასე ჯობს [შეკრების შეზღუდვა], შესაბამისად ასე ჯობს. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ვარ, არ მიმაჩნია სწორად ამ პერიოდში ეკლესიაში სიარული".

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვის მიუხედავად, დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვა მაინც ჩატარდა.

გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, თქვა, რომ შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხებოდა.

თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საპირისპირო განცხადება გააკეთა - "პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის, რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი".

ცნობისთვის, 20 მარტს შეკრებილმა წმიდა სინოდმა, ეპიდემიას უმოქმედობით უპასუხა - ღვთისმსახურებები არ შეაჩერა და არც ზიარების წესი შეცვალა.

კომენტარები