ჯანდაცვა: I ეტაპზე 3 000 ერთეულ სწრაფ ტესტს მივიღებთ, აპრილის ბოლომდე ჯამში - 216 000 ერთეულს

partner.sciencenorway.no

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სწრაფი ტესტები ჩინეთიდან 4 ეტაპად გამოიგზავნება.

  • პირველ ეტაპზე, მიმდინარე კვირაში ქვეყანა 3 000 ტესტს მიიღებს, საიდანაც 1 000 ტესტი საჩუქარია.
  • მეორე ეტაპზე, მარტის ბოლომდე, გამოიგზავნება ანტიგენის განმსაზღვრელი (ნერწყვის ანალიზი) 5 000 ცალი და ანტიხეულების განმსაზღვრელი (სისხლის ანალიზი) 3 000 ტესტი, სულ 8 000 ერთეული ტესტი.
  • მესამე ეტაპზე კვლავ ანტიგენის განმსაზღვრელი 5 000 ცალი ტესტი შემოვა.
  • მეოთხე ეტაპზე კი 200 000 ანტიგენის ტესტი იქნება მზად, რომელიც ჩარტერით გამოიგზავნება.

ტაბულას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ ოთხივე ეტაპი აპრილის მეორე ნახევარში დასრულდება.

სწრაფი ტესტები, რომლებიც ანტიგენს განსაზღვრავს, დაავადებას პირველივე ეტაპზე გამოავლენს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ნაცხის ანალიზი სწორი ლაბორატორიული მეთოდია კორონავირუსის საწყის ეტაპზე გამოვლენისთვის, სისხლის ანალიზის მეშვეობით კი გამოვლენა ხდება მოგვიანებით ან ადასტურებს გადატანილ დაავადებას.

"ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული გეგმა სწრაფი ტესტების ქვეყანაში შემოტანასთან და დიაგნოსტიკური ალგორითმის პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით. უკვე ამ კვირაში ჩვენ ველოდებით საწყის რაოდენობას ანტიგენზე დამყარებული ტესტებისა, რომელიც არის ერთადერთი სწორი ლაბორატორიული მეთოდი კორონავირუსის გამოვლენისთვის შესაბამის ბიოლოგიურ მასალაში და არა სისხლში. სისხლის ანალიზის ჩატარება, შესაძლებელია მხოლოდ იმუნოგლობულინების გამოსავლენად, რომელიც სისხლში ჩნდება დაავადების მოგვიანებით ეტაპზე, ეს გახლავთ მეშვიდე დღიდან ან ადასტურებს გადატანილ დაავადებას. ამდენად საწყისი დიაგნოსტიკისთვის სისხლის ანალიზზე დამყარებული ტესტები ანტისხეულების გამოვლენის მიზნით უბრალოდ შეუფერებელია და ამისი გამოყენება რეკომენდირებული არცერთ შემთხვევაში არ არის. ერთადერთი სწორი გზა ტესტირებისთვის ეს არის ის გზა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ახორციელებს და სხვა ნებისმიერი ტესტირება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული სამინისტროს ალგორითმში რა თქმა უნდა შეიძლება იყოს ძალიან დამაბნეველი და პასუხის სისწორეზე ამ შემთხვევაში გარანტიის გაცემა სამინისტროს გაუჭირდება", - თქვა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, იმ ჩინური კომპანიის პროდუქტი, რომელიც საქართველოს ტესტებს მოაწვდის, ყველაზე მასშტაბურად იქნა გამოყენებული ეპიდემიის დროს და მის მიერ წარმოებულ ტესტებს დარგის სპეციალისტების მხრიდან დადებითი შეფასება მიეცა.

მარნეული და ბოლნისი 23 მარტის 01:00 საათიდან კარანტინშია. ჩაკეტილია დაახლოებით 150 000 ადამიანი. კარანტინი შემდეგ გამოცხადდა, რაც გაირკვა, რომ 60 წელს გადაცილებული ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სარიტუალო ღონისძიებაში მონაწილეობდა და მას, სულ მცირე, 86 კონტაქტი ჰყავს. მთლიანობაში კონტაქტების ჯაჭვში კი 1700-მდე ადამიანია. კარანტინის აღსრულებას შსს-ის და თავდაცვის ძალები უზრუნველყოფენ. თავად ინფიცირებული ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ასევე, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს 80 წელს გადაცილებული კაცი, რომელსაც ახალი კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა, A და B ტიპის გრიპი კი არ დაუდასტურდა. ის ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. საავადმყოფოს დირექტორის თქმით, კაცი ინფიცირებული ქალის კონტაქტი არ ყოფილა.

23 მარტის მდგომარეობით, საქართველში კორონავირუსის დადასტურებული 54 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 3 - გამოჯანმრთელდა. კიდევ 5 ადამიანს საავადმყოფოებიდან რამდენიმე დღეში გაწერენ. კარანტინის რეჟიმშია - 3254 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 233.

კომენტარები