კორონავირუსი

გამყრელიძე მარნეულში ინფიცირებულზე: ტესტი პანაცეა არ არის, მას არ დაკლებია მკურნალობა

კითხვაზე, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს ტესტი თავიდანვე, პნევმონიით საავადმყოფიში შესვლის დღესვე რატომ არ ჩაუტარეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ "ეს ექიმების შეცდომა არ არის" და "[სწრაფი] ტესტი არ გახლავთ პანაცეა". TV პირველის ეთერში საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პაციენტს არ ჰქონდა მძიმე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები და აზერბაიჯანში არა ის, არამედ მისი ოჯახის წევრი იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განმარტებით, ქალი მარნეულის ნიუ ჰოსპიტალში 18 მარტს შევიდა და პირველსავე დღეს მწვავე პნევმონია დაუდასტურდა. ექიმებმა კორონავირუსზე ეჭვი მდგომარეობის დამძიმების გამო მიიტანეს და "პაციენტის ჰოსპიტალიზაცია იყო დაგვიანებული და არა მისი ტესტირება".

"მედიცინაში ხდება შეცდომები, მაგრამ ამასთან ახლა საქმე არ გვაქვს. შეიძლება რამე მეშლება, მაგრამ ეპიდანამნეზის მიხედვით, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს ქალბატონი თვითონ არ ყოფილა აზერბაიანში ბოლო კვირების განმავლობაში, იყო მისი ოჯახის წევრი ერთერთი.

დიახ, ის მუშაობდა, შრომობდა, ბევრი კონტაქტი ჰქონდა, ე.წ წვრილმან ბიზნესა ეწეოდა, მიმართა საავადმყოფოს ჩვეულებრივი რესპირაციული სიმპტომებით, რომელიც ახასიათებს გრიპს და ალერგიას" - ამბობს გამყრელიძე.

გადაცემის წამყვანის, ინგა გრიგოლიას რეპლიკაზე, "უნდა ჩატარებოდა ტესტი, დამეთანხმეთ", დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პასუხობს - "არა, ძალიან გთხოვთ რა, ჩვენ გვაქვს ქვეყანაში დამტკიცებული განსაზღვრება - რა არის კორონავირუსით გამოწვეული რესპირაციული დაავადება, თუ ის არ ჯდება ამ განსაზღვრებაში, მაშინ ტესტი არ კეთდება საერთოდ. ტესტი არ გახლავთ პანაცეა, იმ ქალბატონს არ დაკლებია არაფერი, ის, რა გადაუდებელი მკურნალობაც რესპირაციული დაავადებისას სჭირდება ადამიანს".

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ კორონავირუსს არა სპეციფიკური, არამედ, სინდრომული მკურნალობა სჭირდება.

"მას უტარდებოდა ყველა ის სამედიცინო დახმარება, რაც ტარდება მწვავე რესპირაციული დაავადების დროს, როგორც მაქვს ინფორმაცია, შესვლისას ის არ იყო მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი, როგორც გახლავთ განსაზღვრებაში. როოგრც კი შესვლიდან მეორე თუ მესამე დღეს ეს გახდა, გამოიძახეს ჩვენი ბრიგადა, გაკეთდა კორონავირუსზე რეაქცია, ის აღმოჩნდა დადებითი და გადაიყვანეს შესაბამის კლინიკაში, სადაც მკურნალობა გაგრძელდა. ამიტომ, მე ვერ გეტყვით, რომ იქ შეცდომა იქნა დაშვებული" - ამბობს გამყრელიძე.

მარნეული და ბოლნისი 23 მარტის 01:00 საათიდან კარანტინშია. კარანტინი შემდეგ გამოცხადდა, რაც გაირკვა, რომ 60 წელს გადაცილებულ ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სარიტუალო ღონისძიებაში მონაწილეობდა და მას, სულ მცირე, 86 კონტაქტი ჰყავს. კარანტინის აღსრულებას შსს-ის და თავდაცვის ძალები უზრუნველყოფენ. თავად ინფიცირებული ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. 

კომენტარები