კორონავირუსი საქართველოში

თალაკვაძე: ეკლესიამ სწორი პოზიცია დაიკავა და მრევლს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა

არჩილ თალაკვაძე და ილია II
არჩილ თალაკვაძე I Archil Talakvadze / Facebook

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ეკლესიებში წირვების ჩატარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ყველა ერთსულოვანია და ეკლესიამ სწორი პოზიცია დაიკავა.

"ჩვენი ოპონენტები იყვნენ ჩასაფრებულები და ყველანაირად ცდილობდნენ, ისე წარმოეჩინათ სიტუაცია, რომ თითქოს მართლმადიდებლური ეკლესია, რელიგიური ორგანიზაციები, საზოგადოება და ხელისუფლება სხვადასხვა მხარეს არიან და ერთმანეთთან აქვთ გაურკვევლობა - გამოჩნდა, რომ ამ გამოწვევის წინააღმდეგ ყველა ერთსულოვანია. როგორც ნახეთ, ეკლესიამ ძალიან სწორი პოზიცია დაიკავა და მოუწოდა მრევლს, რომ დაიცვას ჯანდაცვის სამსახურების მიერ გაცემული რეკომენდაციები.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც, თუ ჩვენ მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება, სამღვდელოება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა მრევლს აუხსნას, რომ ჯანდაცვა, ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა და ამ მიზნით გადადგმული ნაბიჯები არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში რწმენის საკითხთან", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის თანახმად, აიკრძალა 10-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი თავყრილობები. ამისდა მიუხედავად, 22 მარტს ეკლესიებში წირვები მაინც მიმდინარეობდა.

კომენტარები