თამლიანი: ვამზადებ სარჩელს, იქით მინდა მთავრობას წავუყენო ბრალი იმისთვის, რაც გააკეთეს

"რასაც მე მაბრალებენ არის შეუთავსებელი იმასთან, რაც მოხდა სინამდვილეში. ვამზადებ სარჩელს და იქეთ მინდა წავუყენო სარჩელი ჩემს მთავრობას იმისთვის, რაც გააკეთეს" - ამის შესახებ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულმა ბესიკ თამლიანმა საპატიმრო დატოვების დროს თქვა. ის დღეს, 23 მარტს 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ელოდა. თამლიანმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. 

"თავისუფლებას რა ჯობია, მაგრამ თავისუფლებასაც თავისი ფასი აქვს. გააჩნია რა ფასად. გამიკვირდა მოსამართლის გადაწყვეტილება. ახლა წავიკითხე რომ გირაო მოუთხოვიათ 4000 ლარი. ჩემი აზრით, ერთი ლარი რომც ყოფილიყო არ მივცემდი. ბრალი არ მიღიარებია, რისი ბრალი. დიდი მადლობა პირველ რიგში ყურადღებისთვის, ჟურნალისტებს, რომ აშუქებდნენ. დედაჩემს მინდა გადავუხადო დიდი მადლობა. დედა კი არა, კაჟი მყოლია. ყველას მადლობა, ვინც მგულშემატკივრობდით"- თქვა თამლიანმა. 

ბესიკ თამლიანს ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 4 აპრილს ეწურებოდა. მას გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება. ის კახაბერ კუპრეიშვილთან, ცოტნე სოსელიასთან და ზურაბ ბუდაღაშვილთან ერთად დააკავეს. კუპრეიშვილს, სოსელიასა და ბუდაღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ და გათავისუფლდნენ. რაც შეეხება თამლიანს, ის საპროცესო შეთანხმებაზე თანახმა არაა - ბრალს არ აღიარებს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს, ოპოზიციის ინფორმაციით, 8 მარტის შეხვედრაზე საუბარი იყო კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, მათ შორის, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებზე. 

კომენტარები