კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 5 ახალი ინფიცირებული ამერიკის კლასტერიდანაა, კარანტინში ან თვითიზოლაციაში იყვნენ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, განცხადებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევიდან 5 უკავშირდება. 

ეზუგბაიას განმარტებით, ზოგიერთი მათგანი 7 მარტს ჩამოვიდა საქართველოში, ზოგი - 11-ში და ნაწილიც ამ პერიოდში. მისივე თქმით, ყველა მათგანი კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. 

"როგორც კი მათთან გამოვლინდა დაავადება, ტემპერატურისა და სხვადასხვა კლინიკური სიმპტომის სახით, მაშინვე მოგვაკითხეს ჩვენ და ეს გუშინ მოხდა, დღის სხვადასხვა მონაკვეთში,"- თქვა ეზუგბაიამ. 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, 24 საათის განმავლობაში მის ცენტრში 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, რომელთაგან 5-ზე მიიღეს დადებითი პასუხი.

ეზუგბაისვე განმარტებით, 5-ვე შემთხვევა ერთ ჯგუფს არ განეკუთვნება, უბრალოდ, ინფიცირების წყარო ყველას შემთხვევაში ერთი ქვეყანაა. 

რაც შეეხება დანარჩენ 7 შემთხვევას, ეზუგბაია ამბობს, რომ მან დანამდვილებით არ იცის, ყველას მოგზაურობის ისტორია, რადგან ისინი სხვა ცენტრებში არიან გადანაწილებულები, თუმცა, მისივე თქმით, ნაწილი მარნეულის კლასტერს უკავშირდება. 

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 66 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 8-მ უკვე დატოვა კლინიკა.

კარანტინში 3 320 ადამიანია გადაყვანილი. ამასთან, მარნეული და ბოლნისი სრულად საკარანტინო ზონად გამოცხადდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

კომენტარები