კორონავირუსი

ჯონსონი: 2-ზე მეტი პირის შეკრება იკრძალება, იხურება ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილი ადგილები

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დიდ ბრიტანეთში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა

ბორის ჯონსონი მოსახლეობას მოუწოდებს, სახლში დარჩნენ და აუცილებლობის შემთხვევაში სახლიდან არ გავიდნენ. ბრიტანეთში იკრძალება ორ ადამიანზე მეტის შეკრება. იხურება ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილი ადგილები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, მაღაზიები, რომელთა მუშაობაც აუცილებელი არ არის.   

მოქალაქეებს სახლის დატოვება მხოლოდ რამდენიმე მიზეზით შეუძლიათ: პროდუქტების შესაძენად, სავარჯიშოდ, სარბენად, ველოსიპედით სასეირნოდ (მხოლოდ ერთი მათგანი), სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში და სამსახურში წასასვლელად, თუ სახლიდან მუშაობა შეუძლებელია. 

"მაღალი სამოქალაქო ძალისხმევის გარეშე, დადგება დრო, როცა მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემა ვერ შეძლებს გაუმკლავდეს ვირუსის გავრცელებას - არ იქნება საკმარისი ინტენსიური თერაპიის საწოლები, არ იქნებიან საკმარისი ექიმები და ექთნები", - თქვა ჯონსონმა.

ბორის ჯონსონის თქმით, დიდ ბრიტანეთში იკრძალება ქორწილები, ნათლობები და სხვა ღონისძიებები. 

გადაწყვეტილება სამი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში.  

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 650 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 135 ადამიანი, გარდაიცვალა 335.

კომენტარები