ეკონომიკა

თურნავა: უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარების გეგმა უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება

ეკონომიკის სამინისტრო

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირების მიმართულებით სახელმწიფოს ზრუნვის მთავარი ობიექტი ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც სამსახურს დაკარგავენ.

"რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდა კერძო სექტორს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევამციროთ საგადასახადო წნეხი, თუმცა, კრიზისი იმდენად მასშტაბური და გლობალურია ვერ გამოვრციხავთ, რომ იქნება ადამიანების ნაწილი, ვინც კორონავირუსის გამო სამუშაოს დაკარგავს", — განაცხადა თურნავამ.

თურნავას თქმით, კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ის ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.

"ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კონკრეტიკისგან. ვმუშაობთ და უახლოეს დღეებში ეს პროგრამა საჯარო გახდება. უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენი დახმარების ობიექტი ეს არის ის ბიზნესები, რომლებიც ამ დახმარების ფარგლებში შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს. ჩვენ ამიტომაც დავეხმარეთ სასტუმროებს და ტურიზმის ინდუსტრიას, მათ აიღეს ვალდებულება, გარკვეული დროის განმავლობაში არ შეამცირონ პერსონალი და ისინი მიყვებიან ამ შეთანხმებას", — ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

მინისტრი განმარტავს, რომ სახელმწიფო ფინანსურად იმ კომპანიებს დაეხმარება, რომლებიც მომუშავე პერსონალის მნიშვნელოვან რაოდენობას შეინარჩუნებს.

"ანუ ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს, რომ შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და მეორე მიმართულება არის ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი მცდელობის მიუხედავად მაინც ვერ შეინარჩუნებენ სამსახურს."

მთავრობის ანტი-კრიზისული გეგმა 13 მარტს გამოქვეყნდა. მთავრობის გეგმა სხვა ნაბიჯებთან ერთად, ტურისტული სექტორისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის 4 თვით გადავადებას გულისხმობს. ამის გარდა, მთავრობა დამატებით 300 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც სავარაუდოდ ახალი ვალით დაფინანსდება. 

კომენტარები