კორონავირუსი

იმნაძე: დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 4 მარნეულელი პაციენტის ოჯახის წევრია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, დღეს საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 6 შემთხვევიდან 4 მარნეულელი პაციენტის ოჯახის წევრია.

"არცერთი არ არის ახალი კლასტერიდან. ოთხი ადამიანი არის მარნეულიდან. იმ ქალბატონის ოჯახის წევრები, რომელიც არის ამჟამად ჰოსპიტალიზირებული თბილისში. არიან ახლო და მჭიდრო კონტაქტები", - თქვა იმნაძემ. 

მისივე თქმით, გამოიკვლიეს იმ საავადმყოფოს პაციენტები და პერსონალი, სადაც მარნეულიდან გადმოყვანილი ქალი მკურნალობდა. იმნაძის ინფორმაციით, მათი პასუხი უარყოფითია.

პაატა იმნაძის თქმით, 60 წელს გადაცილებული ქალი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის.  

"კიდევ არის რამდენიმე საყურადღებო ავადმყოფი. დანარჩენი შემთხვევები არის დამაკმაყოფილებელი და ემზადება კიდევ რამდენიმე პაციენტი გაწერისთვის", - თქვა იმნაძემ. 

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ინფიცირებულია 67 პირი. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი. 

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 22 მარტს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც 60 წელს გადაცილებულ მარნეულელ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქალის 90-მდე კონტაქტი გამოკვლეულია, თუმცა "გაცილებით მეტია". 

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით კი, ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში (წლისთავი) მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩასული ადამინებიც მონაწილეობდნენ.  

რატომ არ ჩაუტარდა მარნეულელ პაციენტს კორონავირუსზე ტესტი პირველივე დღეს, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები