გომელაური: ეკლესიებზე გავრცელდება ის კანონი, რაც მოქმედებს კარფურში, გუდვილში

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, საგანგებო მდგომარეობით გათვალსწინებული ზომები შესასრულებლად ყველასთვის სავალდებულოა. რაც შეეხება ეკლესიებს, აქ გავრცელდება ის კანონი, რომელიც სხვა დახურულ დაწესებულებებში მოქმედებს, მაგალითად, კარფურსა და გუდვილში.

"იგივე, რა კანონიც მოქმედებს სხვა დახურულ დაწესებულებებში, როგორიცაა კარფური, გუდვილი, სადაც დისტანცია უნდა დაიკავონ. გარეთაც შეიძლება ქუჩაში 100 ადამიანი მოძრაობდეს, მაგრამ დისტანცია იქნება. ავიღოთ, თუნდაც სამება, უდიდესი ეკლესიაა. დარღვევის შემთხვევაში ვიმოქმედებთ",- თქვა გომელაურმა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსი ახლო კონტაქტით გადადის და ამის გამო მსოფლიოში 300 000 -ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 7 000-ზე მეტი დაიღუპა, დაიხურა საზღვრები, შეჩერდა ფრენები, შეწყდა სასწავლო პროცესი და სხვა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უარს ამბობს, შეაჩეროს მღვდელმსახურება, რომელსაც ათობით ადამიანი დაესწრება. ასევე, წმინდა სინოდმა უარი თქვა, დროებით შეეცვალა ერთი კოვზით ზიარების წესი.

24 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 67 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 4055 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 23 მარტის 01:00 საათიდან მარნეული და ბოლნისი საკარანდინო ზონებად გამოცხადდა. კორონავირუსი დაუდასტურდა 62 წლის მარნეულელ ქალს, რომლის კონტაქტების ჯაჭვში დაახლოებით 1700 ადამიანია. ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე. აღსანიშნავია, რომ მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსში ქალს 4 დღის განმავლობაში გრიპზე მკურნალობდნენ და მხოლოდ სუნთქვის გაძნელების შემდეგ მოხდა მისი კორონავირუსზე ტესტირება.

კომენტარები