კორონავირუსი მარნეულში

ჯეო ჰოსპიტალსი მარნეულელ პაციენტზე: ინფორმაცია მაშინვე მივაწოდეთ შესაბამის სამსახურებს

0 კომენტარი

მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულ 62 წლის ქალთან დაკავშირებით "ჯეო ჰოსპიტალსი" განცხადებას ავრცელებს. კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პაციენტი მათთან 18 მარტს შევიდა  რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების მიზნით და ამ კვლევის საფუძველზე დაისვა ორმხრივი პნევმონიისა და სუნთქვის მწვავე უკმარისობის დიაგნოზი. მათივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობას გადატანილი დავაადებები ამძიმებდა. 

კლინიკის ინფორმაციით, პერსონალმა აღნიშნული, კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად ჩათვალა და შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრს. ამავე განცხადებაში წერია, რომ პაციენტს კორონავირუსზე ანალიზი 21 მარტს აუღეს, მას შემდეგ რაც პაციენტს განუვითარდა "მძიმე მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი" და საჭირო გახდა მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა.

"COVID-19-ის შესაძლო შემთხვევის მართვისათვის განკუთვნილი ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლის სრული დაცვით გაკეთდა შეტყობინება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურში, ადგილობრივი ეპიდემიოლოგებისა და კლინიკის სამედიცინო პერსონალის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა პაციენტის გამოკითხვა და ინფორმაცია შემთხვევის შესახებ მიეწოდა სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრებს. პაციენტი, რთული მდგომარეობისა და მძიმე თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, მოთავსდა დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სხვა პაციენტებისაგან იზოლირებულ გარემოში, სადაც მას უტარდებოდა შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლით განსაზღვრული წესების სრული დაცვით," - წერია განცხადებაში.

ჯეო ჰოსპიტალსის განცხადებით, 21 მარტს, მას შემდეგ რაც პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა გახდა საჭირო, კვლავ აცნობეს ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ამის შემდეგ მოხდა ბიოლოგიური მასალის აღება და კორონავირუსზე ტესტის გაკეთება, ხოლო 2020 წლის 22 მარტს დაისვა COVID-19-ის დიაგნოზი.

"დკსჯეც-ის წამყვანმა ეპიდემიოლოგებმა ადგილზე შეისწავლეს მარნეულის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში არსებული მდგომარეობა. თუმცა, პერსონალისა და პაციენტების უსაფრთხოების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის მართვისას დაცული იყო ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ადეკვატური ღონისძიებები (შესაბამისი COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების მართვისათვის), კონტაქტირებულ პირებზე (ინტენსიური თერაპიის პაციენტები, სამედიცინო პერსონალი) დაწესდა მეთვალყურეობა და ისინი გადავიდნენ კარანტინის ან თვითიზოლაციის რეჟიმში," - წერია განცხადებაში. 

ჯეო ჰოსპიტალსის ინფორმაციითვე, ამ პირებს 23 მარტს ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევა კორონავირუსზე (სულ ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა 21 თანამშრომელს და 16 პაციენტს) და ყველა კვლევის შედეგი არის უარყოფითი.

"მძიმე თანმხლები დაავადებებიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, 2020 წლის 22 მარტს მართებულად ჩაითვალა, პაციენტის გადაყვანა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გამოცხადდა კარანტინის ზონად. ამ ეტაპზე დაწესებულება არის მზადყოფნაში, უზრუნველყოს COVID-19 შემთხვევების მართვა საველე ჰოსპიტალსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში," - წერია კლინიკის განცხადებაში. 

მას შემდეგ რაც მარნეულში 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, 23 მარტიდან, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. მოსახლეობას გადაადგილება მხოლოდ საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად შეუძლია. ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში [როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი - წლისთავი] მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩასული ადამიანებიც მონაწილეობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოვლენილია მისი 90-ზე მეტი კონტაქტი, თუმცა, "რაოდენობა კიდევ უფრო მეტია". ინფიცირებულის კონტაქტების სავარაუდო კონტაქტები კი, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, 1700-ს აღწევს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 70 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 9 პირი გამოჯანმრთელდა, მათგან 8-მ უკვე დატოვა კლინიკა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები