კორონავირუსის პიკი საქართველოში

ცერცვაძე: ევროპის ზოგ ქვეყანაში ინფიცირებულთა პიკი თუ იყო ათასები, ჩვენთან იქნება ასეულები

რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთა გამოვლენის პიკი ასეულები იქნება და არა ათასეულები. ის ასევე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, იყოს ლეტალური შემთხვევებიც. 

"სამწუხაროდ ჩვენ ვერ დავრჩებით ასეთ კარგ იზოლაციაში, რომ არცერთი გარდაცვლილი არ გვყავს, გვეყოლება ალბათ ერთეული ლეტალური შემთხვევებიც. ჩემი რწმენა და შეიძლება სურვილია, რომ როცა პიკი იქნება და შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, ევროპის ქვეყნებში, რომ კატასტროფული სიტუაციაა, იმ დონეს არ მივაღწევთ, ისევ სოლიდურ დისტანციაზე გავყვებით ამას. იქ თუ პიკი იყო ათასები ჩვენთან პიკი იქნება ასეულები," - ამბობს ცერცვაძე. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 70 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 9 პირი გამოჯანმრთელდა, მათგან 8-მ უკვე დატოვა კლინიკა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული.

23 მარტიდან, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. მოსახლეობას გადაადგილება მხოლოდ საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად შეუძლია. მიზეზი მარნეულში მცხოვრები 60 წელს გადაცილებული ქალია, რომელსაც კორონავირუსი 22 მარტს დაუდასტურდა. ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში [როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი - წლისთავი] მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩასული ადამიანებიც მონაწილეობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოვლენილია მისი 90-ზე მეტი კონტაქტი, თუმცა, "რაოდენობა კიდევ უფრო მეტია". ინფიცირებულის კონტაქტების სავარაუდო კონტაქტები კი, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, 1700-ს აღწევს.

კომენტარები