თალაკვაძე: თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავთ, საყოველთაო კარანტინიც გამოვიყენოთ

საქართველოს მთავრობა

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ საჭირო გახდება, ხელისუფლება საყოვლეთაო კარანტინსაც გამოაცხადებს.

თალაკვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა:

"ამ მომენტისთვის ეპიდსიტუაციია შესაბამისი ზომები მიღებულია, თუმცა თუ საჭირო იქნება არ გამოვრიცხავთ, საყოველთაო თვითიზოლაცია ან საყოველთაო კარანტინიც გამოვიყენოთ. საქართველო სწორად მართავს სიტუაციას და ახერხებს ვირუსის გავრცელების შეკავებას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მოდუნდეს, რადგან მსოფლიოში გრძელდება პანდემია.

თუ შემთხვევათა მკვეთრი ზრდა გვექნება, ჩვენ უნდა მივიღოთ დამატებითი ზომებიც. როგორც კი მარნეულისა და ბოლნისის შემთხვევაში რისკები გამოიკვეთა, მთავრობამ იმოქმედა მყისიერად და იქ შემოიღო კარანტინის გამკაცრებული რეჟიმი. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღება დასაბუთებულად, ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს საჭიროა და ზუსტად იმ ამოცანებისთვის, რომელიც იმ მომენტში დგას, ვინაიდან ჩვენთვის არანაკლებ კრიტიკულია ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ამ ვითარებაში ძალიან იზღუდება და მცირდება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

24 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 67 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 4055 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 23 მარტის 01:00 საათიდან მარნეული და ბოლნისი საკარანდინო ზონებად გამოცხადდა. კორონავირუსი დაუდასტურდა 62 წლის მარნეულელ ქალს, რომლის კონტაქტების ჯაჭვში დაახლოებით 1700 ადამიანია. ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე. აღსანიშნავია, რომ მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსში ქალს 4 დღის განმავლობაში გრიპზე მკურნალობდნენ და მხოლოდ სუნთქვის გაძნელების შემდეგ მოხდა მისი კორონავირუსზე ტესტირება.

მსოფლიოში კორონავირუსის 417 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. დაიღუპა 18 595 ადამიანი. გამოჯანმრთელდა - 108 300.

კომენტარები