ლარის გაუფასურება

თალაკვაძე: ლარის კურსი იქნება ამ ნიშნულზე მანამ, სანამ კრიზისი გრძელდება

ინტერპრესნიუსი

არჩილ თალაკვაძის თქმით, ლარის კურსის გაუფასურება მსოფლიო კრიზისმა გამოიწვია დაის მას შემდეგ დარეგულირდება, რაც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი გადაივლის

რუსთავი 2-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ არსებული ვითარება არასტანდარტულია, თუმცა, ლარი არსებულ ნიშნულზე დარჩება მანამ, სანამ ეკონომიკა აღდგება.

"ეს არის არასტანდარტული ვითარება. პრაქტიკულად, ლარის კურსმა უპასუხა გლობალურ კრიზისს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ცვლილებებს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ლარი არის დაკავშირებული უშუალოდ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ზუსტად აჩვენებს, რა მდგომარეობაში იმყოფება, ერთი მხრივ, ქვეყნის, და მეორე მხრივ, რეგიონის ეკონომიკა, ვისთანაც ჩვენ გვაქვს აქტიური სავაჭრო და ფინანსური ეკონომიკური ურთიერთობები.

ამიტომ, ლარის კურსი იქნება ამ ნიშნულზე მანამ, სანამ ეს კრიზისი გრძელდება. როგორც კი ეკონომიკის აღდგენა დაიწყება, ლარის კურსი ამას ადეკვატურად უპასუხებს", - თქვა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან. თალაკვაძემ თქვა, რომ როგორც კი ეპიდემიის ძლიერი ტალღა გადაივლის და მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკა გახდება, ამ მიმართულებით უფრო მეტი ძალისხმევა დაიხარჯება.

"ჩვენ მოველით, რომ ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს ეკონომიკას სტაბილიზაციაში დაეხამარებიან. ამაზე მუშაობს მთავრობა, პარლამენტი და ჩვენ ვეცდებით, მომდევნო თვეებში კონკრეტული დახმარება მივიღოთ დასავლეთისგან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან", - თქვა მან.

24 მარტის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.4494 ლარი გახდა, ერთი ევროსი კი - 3.7436 ლარი.

ბოლო კვირაში ლარზე მეტად დოლართან არც ერთი ვალუტა გაუფასურებულა

24 მარტს ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა, რომ ლარის გაუფასურების შესამცირებლად უცხოური ვალუტის რეზერვებიდან 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. კორონავირუსის კრიზისის ფონზე ეროვნულმა ბანკმა ჯამში უკვე გაყიდა 60 მილიონი დოლარი.

კომენტარები