ლარის გაუფასურება

ნათია თურნავა: ლარის კურსი აუცილებლად დასტაბილურდება

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურება პანიკითაა გამოწვეული და კურსი "აუცილებლად დასტაბილურდება".

"კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. ჩვენ, მთავარია, რომ კურსის კი არ უნდა გვეშინოდეს, ჩვენ უნდა დავიცვათ მოსახლეობა დავიცვათ იმ ნეგატიური ზემოქმედებისგან, რასაც კურსის დევალვაცია იწვევს." - თქვა თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობა ლარის გაუფასურებისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, დაარეგულირებს ფასებს სასურსათო პროდუქტებზე. ამისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.

"ამიტომ გვაქვს შერჩეული ცხრა ძირითადი სახეობის საქონელი, პირველადი მოხმარების, ყველა ის ძირითადი საკვები პროდუქტი, რომელიც ჩვენი კალათის უდიდეს ნაწილს შეადგენს."

როგორც თურნავა ამბობს, ეროვნული ვალუტის დასტაბილურება დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როდის დასრულდება კორონავირუსით გამოწვეული შეფერხებები:

"რასაკვირველია, როდესაც პანიკური განწყობები ჩაივლის, ლარის კურსი კვლავ დასტაბილურდება, იმიტომ, რომ ჩვენი მაკროეკონომიკა იყო ძალიან ჯანსაღი.

ვადები არის დიდწილად დამოკიდებული ეპიდემიის დაძლევის ვადებზე. იმაზეც არის დამოკიდებული რა მოხდება გარე ბაზრებზე."

24 მარტის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.4494 ლარი გახდა, ერთი ევროსი კი - 3.7436 ლარი.

18 მარტიდან მოყოლებული ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით 20%-ით გაუფასურდა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ვალუტის შემთხვევაში.

ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა, რომ ლარის გაუფასურების შესამცირებლად უცხოური ვალუტის რეზერვებიდან 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. კორონავირუსის კრიზისის ფონზე ეროვნულმა ბანკმა ჯამში უკვე გაყიდა 60 მილიონი დოლარი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები