არჩევნები 2020

მარგველაშვილი: მარნეულმა აჩვენა, რომ მაჟორიტარული სისტემა მტკვარში უნდა გადავაგდოთ

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ექსპრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, მარნეულში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ფაქტებმა და მისმა შესაძლო გავრცელებამ მაჟორიტარული სისტემის სისუსტე გამოავლინა.

"ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, როგორ მუშაობს მაჟორიტარული პოლიტიკური სისტემა. მაჟორიტარების ფუნქცია არის არა ტენდერის გაფორმება და ახლობლის გამგეობაში მოწყობა, არამედ - გლობალური პროცესების თაობაზე საკუთარი ამომრჩევლის ინფორმირება. შეხედეთ, რა ხდება ამერიკის ნებისმიერ შტატში. ყველა შტატის გუბერნატორი, ყველა შტატის სენატორი ელაპარაკება თავის შტატს. ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ შეგვიძლია მაჟორიტარული სისტემა წითლად შევღებოთ და გადავაგდოთ მტკვარში, ან რომელიმე სხვა წყალსაცავში", - თქვა მარგველაშვილმა პალიტრის ეთერში, ინტერპრესნიუსის ცნობით.

24 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 67 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 4055 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 23 მარტის 01:00 საათიდან მარნეული და ბოლნისი საკარანდინო ზონებად გამოცხადდა. კორონავირუსი დაუდასტურდა 62 წლის მარნეულელ ქალს, რომლის კონტაქტების ჯაჭვში დაახლოებით 1700 ადამიანია. ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე. აღსანიშნავია, რომ მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსში ქალს 4 დღის განმავლობაში გრიპზე მკურნალობდნენ და მხოლოდ სუნთქვის გაძნელების შემდეგ მოხდა მისი კორონავირუსზე ტესტირება.

მსოფლიოში კორონავირუსის 417 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. დაიღუპა 18 595 ადამიანი. გამოჯანმრთელდა - 108 300.

რაც შეეხება არჩევნებს - ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმებით, ის ასეთი პროპორციებით უნდა გაიმართოს - 120 მანდატი პროპორცული სიებით უნდა შეივსოს, 30 მანდატი - მაჟორიტარულით.

შეთანხმება ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ გაფორმდა, რასაც წინ ქართული ოცნების უმრავლესობის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩაგდება უძღოდა. კანონპროექტის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა უკან წაიღო ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომელიც ქართული ოცნების თავმჯდომარემ გავრილოვის ღამის და მასშტაბური პროტესტის შემდეგ გასცა.

კომენტარები