კორონავირუსი საქართველოში

სუბარი ეკლესიებზე: გაცილებით მეტი საფრთხე შეიძლება შეიქმნას ლისის ტბაზე მოსეირნეებისგან

ქართული ოცნება

პრემიერმინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის, თქმით, ლისისა თუ კუს ტბაზე მოსეირნე ადამიანებისგა, შესაძლოა, მეტი საფრთხე შეიქმნას, ვიდრე ეკლესიებში მისული ადამიანებისგან. 

"წეღან ვუსმენდი კითხვას, რომელიც იყო დასმული ბატონი პაატა იმნაძის მიმართ, რომ გაცილებით მეტი საფრთხე შეიძლება, შეიქმნას იგივე, ვთქვათ, ლისის ტბაზე, კუს ტბაზე მოსეირნე ადამიანებისგან, რომლებმაც შეიძლება, ასევე არ დაიცვან სოციალური დისტანცირების მოთხოვნები და სადაც გაცილებით მეტი ადამიანი იყო, ვიდრე ათეულობით ეკლესიაში ერთად აღებული,"- თქვა სოზარ სუბარმა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ "სუფთა ჰაერზე სეირნობა ჯანმრთელობისათვის ძალიან კარგია", თუმცა მისივე თქმით, ეს ჯგუფურად არ უნდა მოხდეს და რომ კონტაქტების შეზღუდვა მათ შორის მეგობრებსაც ეხებათ, ვინაიდან საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელება ძირითადად ოჯახში და სამეგობრო წრეში მოხდა. 

როგორც პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ამბობს, ძალიან ბევრი საუბარი იყო გასულ კვირას ეკლესიებში წირვის დროს იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები. სუბარის თქმით, ის საქართველოში ყველა გუბერნატორს ესაუბრა, რათა გაეგო, რა ხდებოდა ეკლესიებში. 

"ეკლესიების აბსოლუტურ უმრავლესობაში დისტანცია იყო დაცული. უმრავლეს შემთხვევებში ადამიანები გარეთ, ეზოში იდგნენ. იყო რამდენიმე ეკლესია, სადაც დარღვეული იყო [უსაფრთხოების ნორმები], მაგრამ ახლა იმაზე რომ გავაკეთოთ აქცენტი, რომ კონკრეტულად ეკლესიებში და კონკრეტულად მორწმუნეები არღვევენ, ასე არ არის," - თქვა სოზარ სუბარმა. 

პრემიერმინისტრის მრჩევლის თქმით, გასული კვირა პირველი დღე იყო საგანგებო მდგომარეობისა და ახალი რეგულაციების. 

"სასულიერო პირებთან, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის, ისე კათოლიკური, სომხური, მუსლიმური თემის წარმომადგენლებთან მუდმივად გვაქვს კონტაქტი. მათ ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული პრობლემა და ძალიან კარგად იციან, რომ წესები, რომლებსაც გვაძლევენ ჯანდაცვის ექსპერტები, უნდა დაიცვან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კვირას ვითარება მკვეთრად იქნება გამოსწორებული,"- ამბობს სოზარ სუბარი. 

ახალი კორონავირუსის გაზრდილი რისკის ფონზე არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არც ღვთისმსახურებებს აჩერებს და არც ზიარების წესს ცვლის.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეს, 22 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმრავლესობაში საკვირაო წირვა აღევლინა, მათ შორის სამების ტაძარში, რომლის შემდეგაც მორწმუნეებმა ერთი კოვზით ზიარება მიიღეს

კომენტარები