კორონავირუსი

გერმანია: ჩვენთან Covid-19-ით სიკვდილის დაბალ რიცხვს ჭარბ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ

AP

25 მარტს გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ გერმანიაში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კორონავირუსით სიკდილიანობის დაბალი მაჩვენებლის სტატისტიკას გადაჭარბებულ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებდნენ, რადგან ქვეყანა ეპიდემიის საწყის ეტაპზე იმყოფება და უმეტესად ახალგაზრდები არიან დაინფიცირებული.

"გერმანიაში ეპიდემიის ძალიან საწყის ეტაპზე ვართ. ტესტირებების ჩატარება ძალიან ადრე დავიწყეთ," - თქვა მან.

როგორ ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა თქვა, გერმანიაში დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი არამწვავეა.

"კიდევ ერთი შესაძლოა ფაქტორი დემოგრაფიაა: ჯერჯერობით გერმანიაში საშუალოდ შედარებით ახალგაზრდა ინფიცირებულები გვყავს," - განაცხადა მან.

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, ქვეყანა ეპიდემიის საწყის ეტაპზეა და ეს რიცხვები, შესაძლოა, შეიცვალოს.

23 მარტს გერმანიაში ორ კაცზე მეტის შეკრება აკრძალეს.

20 მარტს რობერტ კოხის ინსტიტუტის დირექტორმა, ლოტარ ვილერმა თქვა, რომ გერმანია პანდემიის მხოლოდ დასაწყისშია. მან მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

11 მარტს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, გერმანიის მოსახლეობის 70% ახალი კორონავირუსით დაავადდება.

ამჟამად გერმანიაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 34 009 შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულია 172 პირი, გამოჯანმრთელებულია 3 532.

მსოფლიოში კორონავირუსი 436 636 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 19 636, გამოჯანმრთელებულია 111 878.

კომენტარები